NDI-ის კვლევა

დემოკრატია, სასამართლო, პარლამენტი - NDI-ის კვლევით, შეფასების მაჩვენებლები მკვეთრად გაუარესდა

16 იანვარს ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საზოგადოებრივი აზრის კვლევის ახალი შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, გაზრდილია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. ასევე რეკორდულად გაზრდილია მათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არის. გარდა ამისა, კიდევ უფრო შემცირდა მთავრობის და პარლამენტის საქმიანობის დადებითი და გაიზარდა ყველა სამინისტროს უარყოფითი შეფასების მაჩვენებელი.

უფრო კონკრეტულად კი, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, 53%-მდე გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. წინა კვლევაში ეს მაჩვენებელი 49% იყო. აღსანიშნავია, რომ ეს რიცხვი 2018 წლიდან უწყვეტად იზრდება. 2019 წლის ნოემბერში ჩატარებული კვლევით მხოლოდ 19% მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, 24%-ის აზრით კი - ქვეყანა საერთოდ არ იცვლება.

მკვეთრი კლებაა დემოკრატიის შეფასების კუთხითაც. კითხვაზე, არის თუ არა ქვეყანაში დემოკრატია, რეკორდული 59% პასუხობს უარყოფითად. ეს მაჩვენებელი 2013 წლის ბოლოდან სტაბილურად იმატებს. იქამდე, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2010 წელს იყო - მაშინ 46% მიიჩნევდა, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ აეის.

გარდა ამისა, კიდევ უფრო შემცირდა მთავრობის და პარლამენტის საქმიანობის შეფასების დადებითი მაჩვენებელი. 64% აფასებს "ცუდად" მთავრობის საქმიანობას, მაშინ როცა 2018 წელს ეს მაჩვენებელი 49% იყო. რაც შეეხება პარლამენტს, ასევე რეკორდული, 57% აფასებს მის საქმიანობას უარყოფითად, ხოლო 9% - კარგად. წლის დასაწყისში უარყოფითი მაჩვენებელი 42% იყო, ხოლო 2014 წელს - 9%. ანუ ბოლო ხუთ წელში პარლამენტის საქმიანობას 48%-ით მეტი ადამიანი აფასებს "ცუდად". კვლევის მიხედვით, 64% ფიქრობს, რომ პარლამენტარები არ ითვალისწინებენ მათ შეხედულებებს. გამოკითხულთა 73% კი ეთანხმება აზრს, რომ დეპუტატი იმას გააკეთებს, რასაც პარტია ეტყვის. 

რეკორდულად გაზრდილია სასამართლოების საქმიანობის შეფასების უარყოფითი მაჩვენებელიც და 45%-ს შეადგენს. წლის დასაწყისში ეს მაჩვენებელი 38% იყო, ხოლო 2015 წელს - 12%. მას შემდეგ, სასამართლოების უარყოფითი შეფასების მაჩვენებელი წლიდან წლამდე იზრდება.

ასევე ყოველწლიურად იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, ვინც საქართველოს პოლიციას აფასებს უარყოფითად. ახლა 19% აფასებს "ცუდად" პოლიციის საქმიანობას, მაშინ როცა 2013 წელს ეს მაჩვენებელი 2% იყო. 

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევითვე, 2018 წელთან შედარებით, ყველა სამინისტროს უარყოფითი შეფასების მაჩვენებელი გაზრდილია.

NDI-ის დაკვეთით საველე სამუშაოები 19 ნოემბრიდან 13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა. კვლევა ეყრდნობა 2,181 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი 1.9%-ია.

NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით ფინანსდება. საველე სამუშაოები CRRC–საქართველომ ჩაატარა.

კომენტარები