ყაჩაღობა

შსს: მოქალაქემ სავალუტო ჯიხურის თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ჩანთა გასტაცა

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში ირანის რესპუბლიკის 23 წლის მოქალაქე, ჰ.მ. დააკავეს.

უწყებაში ამბობენ, რომ მან სავალუტო ჯიხურის თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ხელჩანთა გასტაცა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 15 იანვარს, თანამზრახველთან ერთად, თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღების მიზნით, ამავე ჯიხურის თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხელჩანთა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - აღნიშნავენ შსს-ში.

მათივე ინფორმაციით, ბრალდებული ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. დადგენილია მისი თანამზრახველის ვინაობაც, რომლის დაკავების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები