ევროპარლამენტი

გაჩეჩილაძე: ევროპარლამენტარები, რომლებიც გვაკრიტიკებენ, დეზინფორმირებულები არიან

ქართული ოცნების დეპუტატი, გია გაჩეჩილაძე ამბობს რომ ის ევროპარლამენტარები, რომლებმაც 21 იანვარს, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის მოსმენაზე საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკეს, ინფორმირებულები კი არა, დეზინფორმირებულები არიან.

დეპუტატის თქმით, "გუშინ სააკაშვილის თანამშრომლები აქტიურობდნენ".

ტაბულას კითხვაზე, ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის 7 წლის თავზეც საქართველოზე ინფორმაციას ოპოზიცია უფრო წარმატებით ავრცელებს თუ არა, გაჩეჩილაძე პასუხობს:

"ევროპის პარლამენტში არის 700-ზე მეტი დეპუტატი, ამერიკაში არის 500-ზე მეტი კონგრესმენი. მათი გადაწყვეტილებები, რეზოლუციები ა.შ არის გადამწყვეტი ქვეყნისთვის. ეს არის ხელისუფლების ნამუშევარი. თქვენ მესაუბრებით ცალკეულ დეპუტატებზე, რუსული რბილ ძალის ნამუშევარზე.

ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც გახლავთ რუსული რბილი ძალა საქართველოში, ჰქონდა მცდელობა, ევრონესტზე წარმოეჩინა, თითქოს საქართველოში არიან პოლიტპატიმრები, დაარიგა 84-კაციანი ყალბი სია. რა თქმა უნდა, იქ ჩვენც ვიყავით და ყველა მიხვდა, რომ ეს იყო სიყალბე და ყველა გაიშიფრა.

გუშინ აქტიურობდნენ მიხეილ სააკაშვილის თანამშრომლები".

2019 წლის 9 დეკემბერს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე და სამართლიანი სასამართლო სისტემის აუცილებლობაზე არაერთმა ევროპელმა პარლამენტარმა გააკეთა აქცენტი. მათ შორის ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ, ანდრიუს კუბილიუსმა თქვა, რომ 20-21 ივნისის მოვლენების გამო დაკავებულები პოლიტიკური აქტივობის გამო იდევნებიან.

კუბილიუსმა ასევე აღნიშნა, რომ მათ აქვთ 87 ადამიანისგან შემდგარი სია, რომელიც დაკავებული არიან ან სამართლებრივად იდევნებიან ხელისუფლების მიერ საპროტესტო დემონსტრაციებზე მათი აქტივობის გამო.

21 იანვარს ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის მოსმენაზე საქართველოს საკითხი განიხილეს. ევროპარლამენტარებმა მმართველი გუნდი ოპოზიციაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე თავდასხმების გამო გააკრიტიკეს. ასევე, შენიშვნები შეეხო ოპოზიციის წევრების მიმართ სამართლებრივ დევნას და რუსეთის "გათამამებას, გააგრძელოს დესტრუქციული გზა".

ქართული ოცნების ხელისუფლების ქმედებები ევროპარლამენტარებმა ევროპის სახალხო პარტიიდან, მწვანეთა პარტიიდან, ასევე სოციალ-დემოკრატების ფრაქციიდან.

კომენტარები