2015 წლის ირანის ბირთვული შეთანხმება

ირანი ევროპას: აშშ-ს ნუ მიბაძავთ, ირანის ბირთვულ შეთანხმებას ძირს ნუ გამოუთხრით

0 კომენტარი
ჰასან როუჰანი ფოტო: Times of Israel

22 იანვარს ირანის პრეზიდენტმა ჰაან როუჰანიმ ევროპას მოუწოდა, რომ აშშ-ისთვის არ მიებაძათ და ირანის ბირთვული შეთანხმებისთვის ძირი არ გამოეთხარათ.

მისივე თქმით, მნიშვნელობა არ ჰქონდა, ბირთვული შეთანხმება გადარჩებოდა თუ არა, თეირანი ბირთვული იარაღის შექმნას არ ეცდებოდა.

როუჰანიმ აღნიშნა, რომ აშშ-მა ბირთვული შეთანხმებიდან გასვლით შეცდომა დაუშვა.

"თქვენც გსურთ იმავე შეცდომის დაშვება? თუ ევროპელები შეცდომას დაუშვებენ და შეთანხმებას დაარღვევენ, მათ ქმედებებზე პასუხისმგებელები თავად იქნებიან," - განაცხადა ირანის პეზიდენტმა.

რამდენიმე დღის წინ საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ ფორმალურად გაააქტიურეს 2015 წლის ირანის ბირთვული შეთანხმების გასაჩივრების მექანიზმი, რათა ირანს მოუწოდონ გააგრძელოს შეთანხმების პირობების შესრულება.

მათი თქმით ნაბიჯი იმისათვის გადადგეს, რომ რეგიონში არსებულ დაძაბულობას ბირთვული იარაღის გავრცელების საფრთხეც არ დაემატოს. მათ განცხადებაში ნათქვამია, რომ სურთ შეთანხმება წარმატებული იყოს და აშშ-ის მაქსიმალური ზეწოლის კამპანიას არ უერთდებიან.

გასაჩივრების მექანიზმის ამოქმედება შეთანხმების პირობების დარღვევაში ირანის ოფიციალურად დადანაშაულებას ნიშნავს, რაც შესაძლოა საბოლოოდ გაეროს სანქციების ხელახლა დაწესებამდე მივიდეს, რომლებიც შეთანხმების შემდეგ მოიხსნა. სწორედ შეთანხმების პირობების დარღვევაში დაადანაშაულა აშშ-მა ირანი და თავად 2018 წელს შეთანხმებიდან გავიდა, ხოლო ირანს 2015 წელს მოხსნილი სანქციები ხელახლა დაუწესა.

მექანიზმის მიხედვით ევროპულმა ქვეყნებმა საკუთარი გადაწყვეტილება ახლა შეთანხმების სხვა წევრებს, რუსეთს, ჩინეთს და თავად ირანს უნდა აცნობოს. მხარეებს დავის გადასაჭრელად 15 დღე ექნებათ, რომლის გახანგრძლივება კონსენსუსის შემთხვევაში შესაძლებელია.

მას შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ საჭიროა ახალი, უფრო სამართლიანი და ეფექტური შეთანხმების შემუშავება. მის იდეას მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონიც, რომელმაც თქვა, რომ წინ წასვლის გზა ახალი, "ტრამპის შეთანხმებაა".

6 იანვარს, ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების დაძაბვის ფონზე ირანის მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი 2015 წლის ბირთვული შეთანხმებით დაწესებულ შეზღუდვებს აღარ დაემორჩილებიან და ურანის გამდიდრებაზე დადგენილ ლიმიტებს აღარ დაიცავენ.

განცხადებაში არ არის ნათქვამი, რომ ქვეყანა შეთანხმებას ტოვებს. მასში აღნიშნულია, რომ ირანი გაეროს ატომური ენეგრიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობას განაგრძობს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ნოემბერში მათ სააგენტოს ინსპექტორს ნოემბერში აკრედიტაცია გაუუქმა და ნატანზის ლაბორატორიაში, სადაც ურანის გამდიდრება ხდება, შესვლის უფლება არ მისცა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ირანი შეთანხმების პირობების შესრულებას მას შემდეგ დაუბრუნდება, რაც მისგან ბენეფიტებს მიიღებს.

ეს ირანის მხრიდან შეთანხმების პირობების შესრულებაზე უარის თქმის პირველი შემთხვევა არაა. შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლის შემდეგ ირანი მის პირობებს ნელ-ნელა ტოვებდა, მათ შორის გასულ თვეებში მათ განაცხადეს, რომ ფორდოს ბირთვულ ლაბორატორიაში 1,044 ცენტრიფუგაში ურანის გაზის შეყვანას დაიწყებდნენ. მანამდე ირანის ბირთვული პროგრამის დირექტორმა თქვა, რომ IR-6 ცენტრიფუგების რაოდენობა გააორმაგეს. ამ ტიპის ცენტრიფუგებს ურანის ათჯერ სწრაფად გამდიდრება შეუძლია, ვიდრე IR-1 ტიპის ცენტრიფუგებს. ირანელი მეცნიერები ასევე მუშაობენ IR-9 ტიპის ცენტრიფუგებზე, რომლებიც, მათი თქმით 50-ჯერ სწრაფად იმუშავებს.

ამჟამად ირანი ურანს 4.5%-მდე ამდიდრებს. შეთანხმებით კი ლიმიტი 3.67% იყო. ბირთვული იარაღის შესაქმნელად 90%-მდე გამდიდრებაა საჭირო, თუმცა 4.5%-მდე გამდიდრება ირანს საშუალებას აძლევს ბუშეჰირის ბირთვული რეაქტორი ამუშავოს.

მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ თქვა, რომ ირანი შეთანხმებას ნაწილობრივ დატოვებდა, დაიტოვებდა გამდიდრებული ურანის მარაგს და მას არ გაყიდდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები