კორონავირუსი

ჩინეთში ახალი კორონავირუსით მე-17 ადამიანი დაიღუპა, გამოვლენილია დაავადების 540 შემთხვევა

sky news

22 იანვრის მონაცემებით, ჩინეთში ხუპეის პროვინციაში ახალი კორონავირუსით დაავადების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა.

ჩინეთში გამოვლენილია დაავადების 544 შემთხვევა, ტაილანდში 4, ხოლო აშშ-ში, ტაივანში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში - 1. იზოლირებულია 2,197-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც დაავადებულებთან ჰქონდათ შეხება.

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ინფორმაციით არსებობს მტკიცებულება, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე ჰაერწვეთოვანი გზით გადადის.

ხუპეის პროვინციის დედაქალაქი არის ვუხანი და ახალი კორონავირუსის ეპიცენტრია. ქალაქში 11 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

"ადამიანების გადაადგილებამ ეპიდემიის გავრცელების რისკი გაზარდა," - თქვა ეროვნული ჯანდაცვის კომისიის ვიცეპრეზიდენტმა ლი პინმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებს კარგი შეკავების გეგმა ჰქონდათ - "ვფიქრობთ, რომ ამას თავს კარგად გავართმევთ."

აშშ-ში ჩინეთიდან მომავალ ფრენებზე უსაფრთხოების და შემოწმების ნორმები გაამკაცრეს. მსგავსი ზომები მიიღეს რუსეთშიც. ჩრდილოეთ კორეაში კი ტურისტულმა კომპანიებმა ჩინეთში ოპერაციები დროებით შეაჩერეს. სინგაპურში ჩინეთიდან ჩაფრენილ ყველა მგზავრს ამოწმებენ.

ვირუსი, რომლის წარმოშობაც ჯერ-ჯერობით დაუდგენელია პნევმონიას იწვევს, სიმპტომები მოიცავს სიცხეს და სუნთქვის გართულებას. ის კორონავირუსების იმავე ოჯახს მიეკუთვნება, რასაც მძიმე მწვავე რესპირატორული სიმდრომი (SARS), რომელმაც 2002-2003 წლებში მსოფლიოში 800-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მაშინაც დაავადება პირველად ჩინეთში გავრცელდა. მაშინ ჩინეთის მთავრობამ ვირუსის გავრცელების დაფარვა სცადა და ეპიდემიის არსებობა მხოლოდ მას შემდეგ აღიარა, რაც გარდაცვალების შემთხვევები გაიზარდა. ახლა ჩინეთის მთავრობას მოუწოდებენ არ დაუშვას იგივე შეცდომა და ვირუსის შესახებ ინფორმაცია საჯარო გახადოს.

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა თქვა, რომ ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლა მთავრობის პრიორიტეტია. ვირუსის გავრცელების საშიშროება განსაკუთრებით გაზრდილია, რადგან ჩინეთში მთვარის კალენდრით ახალ წელს აღნიშნავენ და ამისათვის ასობით მილიონი ადამიანი ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ მოგზაურობას აპირებს.

კომენტარები