ლევან იზორიას ძმის საქმე

დეკანოიძე: მინდა, გავასაჯაროვო იმ დამნაშავეთა სია, ვინც იზორიას ძმის საქმეში იყო ჩართული

მთავარი არხი/screenshot

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ, იმ ადამიანების სია გაასაჯაროვა, ვინც მისივე თქმით, მონაწილეობდნენ დანაშაულებრივ სქემაში, რომელიც დაზვერვის სამსახურის უფროსის, ლევან იზორიას, ძმის საქმეს ეხება. 

დეკანოიძის თქმით, ის კადრები, რომლებიც მთავარი არხის ეთერში 23 იანვარს გასაჯაროვდა, "შემაძრწუნებელია თითოეული ღირსეული პოლიციელისთვის". 

"ამ დანაშაულის დაფარვალში ჩართული იყო ყველა, მინისტრი, მინისტრის ორი მოადგილე: ლევან იზორია და ვახტანგ გომელაური, რომელიც ახლა თვითონაა შინაგან საქმეთა მინისტრი. ამ დანაშაულის შესახებ იცის პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, ამ დანაშაულში ჩართულები არიან მაღალჩინოსნები,"- ამბობს დეკანოიძე. 

ხატია დეკანოიძის თქმით, მას შემდეგ, რაც ლევან იზორიას ძმა საპატრულო მანქანიდანვე გაათავისუფლეს, ლევან იზორიამ თავის ძმას ოპერატიული საშვი, ე.წ "ნარუშილოვკა" მისცა. 

"ინციდენტის შემდეგ, როდესაც ლევან იზორიას ძმას აკავებს მაიორი დვალიშვილი, მიდის ოცმეთაური დავით შენგელია, რომელიც ამჟამად მუშაობს სახელმწიფო დაცვის სამსახურში მაღალ თანამდებობაზე. ასევე შენგელია საქმის კურსში აყენებს სადღობელაშვილს, რომელიც მაშინ იყო ასმეთაური საპატრულო პოლიციაში, ხოლო ახლა მუშაობს მთაწმინდა-კრწანისის საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილედ. ინციდენტის დაფარვაში მონაწილეობდნენ სახაზოს უფროსი დავით მიქიაშვილი და თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე ლაშა ჯოხაძე და ეს ადამიანები დღემდე მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. ასევე ლევან იზორია ავალებს მაშინდელი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, ცინარიძეს, და მის მოადგილეს, ბარელაძეს, რომ დაფარონ დანაშაული, მივიდნენ ადგილზე, გაეცნონ სიტუაციას და გაათავისუფლონ კიტა იზორია და ასევე აიძულონ პოლიციელები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ იცავდნენ კანონს, რომ ბოდიში მოუხადონ იმ იზორიას ძმას. 

ამის შემდეგ 2019 წელს ბუხრაძე, რომელიც არის ადამიანის უფლებათა დამრღვევთა სიაში იბარებს დვალიშვილს და ეუბნება მას, რომ გადასცეს ის ვიდეო-კადრები, რომლებიც გასაჯაროვდა და თხოვს, რომ არაფორმალურად გადაუგზავნოს ეს კადრები, რაც არის ასევე სისხლის სამართლის დანაშაული," - ყვება ხატია დეკანოიძე. 

დეკანოიძე ასევე ამბობს, რომ სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ ის გიორგი დვალიშვილს სახლში ეწვია, საიდან გამოსულმაც სუს-ის წარმომადგენლები დაინახა, რომლებიც ყველა იმ ადამიანს იღებდნენ, ვინც დვალიშვილთან სახლში შედიოდა. 

23 იანვარს ტელეკომპანია მთავარის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ აკავებს პოლიცია ლევან იზორიას ძმას და კონკრეტული პირების ჩარევის შემდეგ ათავისუფლებს. ვიდეო 2014 წელს არის გადაღებული, მაშინ როცა იზორია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.

გათავისუფლებამდე ვახო (კიტა) იზორია პოლიციელებს ემუქრება, რომ "არ დაინდობს" და რომ "მათნაირებს ფორმას ხდის".

მთავარი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში პოლიციელი გიორგი დვალიშვილი, რომელმაც ვახო (კიტა) იზორია წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავა, ყვება, რომ ამ ამბის შემდეგ მისი დევნა დაიწყეს. 

კომენტარები