კორონავირუსი

გამყრელიძე კორონავირუსზე: პანიკის საფუძველი არ არსებობს, საქართველო დაბალი რისკის ზონაშია

0 კომენტარი
ფოტო: news.ge

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით ე.წ. კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში პანიკის საფუძველი არ არსებობს.

მისი თქმით, ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის კლასიფიკაციით საქართველო ე.წ. მწვანე, ანუ დაბალი რისკის ზონაშია.

ამირან გამყრელიძის თქმით, ყველაფერი კეთდება, რათა ინფექციის შემოტანის პრევენცია მოხდეს.

"პანიკის საფუძველი არ არის. ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის კლასიფიკაციით, საქართველო ამ ეტაპზე ე.წ. მწვანე ზონაში, ანუ დაბალი რისკის ზონაში რჩება. თუმცა, რა თქმა უნდა, რადგან მიმოსვლა ჩინეთთან არის და ყოველთვიურად დაახლოებით 4-დან 5 ათასამდე ადამიანი შემოდის ჩინეთიდან, რა თქმა უნდა, რისკი ინფექციის შემოტანისა, არის, ამიტომ ქვეყანაში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოვახდინოთ პრევენცია ინფექციის შემოტანის.

შემუშავებულია შესაბამისი ალგორითმი, შემოსავლების სამსახურს დაურიგდა სამ ენაზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჩვენ მიერ შემუშავებული ტექსტი რეკომენდაციებისა, რომელიც ურიგდება ჩინეთიდან და განსაკუთრებით ქალაქ უჰანიდან შემოსულ ყველა ადამიანს, ასევე იმ პროვინციიდან რომლის დედაქალაქის უჰანია. საჭიროა, რომ ისინი გაეცნონ და თუ უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ან შემოსვლიდან შემდგომი ორი კვირის გამავლობაში განუვითარდებათ სიმპტომები - მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, ხველა, აუცილებელია, რომ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს, მათ შორის გამოყოფილია ოთხი სამედიცინო დაწესებულება - თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოები, სადაც სრულად მოემსახურებიან და გაუწვენ სამედიცინო დახმარებას", - თქვა ამირან გამყრელიძემ.

24 იანვრის მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით 25 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლენილია დაავადების 830 შემთხვევა, მათ შორის, 15 შემთხვევა ჩინეთის საზღვრებს გარეთ, კერძოდ, ტაილანდში, ტაივანში, აშშ-ში, იაპონიაში სამხრეთ კორეაში, ვიეტნამში, სინგაპურში.

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ინფორმაციით არსებობს მტკიცებულება, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე ჰაერწვეთოვანი გზით გადადის.

ჩინეთის მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრში, ვუხანში და ხუპეის პროვინციის კიდევ დამატებით ცხრა სხვა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა დროებით შეაჩერა. მარტო ვუხანში 11 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

ვირუსი, რომლის წარმოშობაც ჯერჯერობით დაუდგენელია პნევმონიას იწვევს, სიმპტომები მოიცავს სიცხეს და სუნთქვის გართულებას. ის კორონავირუსების იმავე ოჯახს მიეკუთვნება, რასაც მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი (SARS), რომელმაც 2002-2003 წლებში მსოფლიოში 800-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მაშინაც დაავადება პირველად ჩინეთში გავრცელდა. მაშინ ჩინეთის მთავრობამ ვირუსის გავრცელების დაფარვა სცადა და ეპიდემიის არსებობა მხოლოდ მას შემდეგ აღიარა, რაც გარდაცვალების შემთხვევები გაიზარდა. ახლა ჩინეთის მთავრობას მოუწოდებენ არ დაუშვას იგივე შეცდომა და ვირუსის შესახებ ინფორმაცია საჯარო გახადოს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები