სენატორ როჯერ ვიკერის წერილი გახარიას

არჩევნები, სასამართლო, პოლიტიკური დევნა - სენატორ ვიკერის წერილი გახარიას მთავრობას

საქართველოს მთავრობას კიდევ ერთი კრიტიკული წერილი ჰელსინკის კომისიის სენატორმა, როჯერ ვიკერმა გამოუგზავნა.

წერილში, რომელიც 19 დეკემბრით თარიღდება და რომელიც დღეს, 25 იანვარს, ენმ-ის წევრმა, სალომე სამადაშვილმა გაასაჯაროვა, ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ უნდა მიიღოს მისაღები საარჩევნო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს თამაშის თანაბარ წესებს ყველასთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში - არჩევნების ლეგიტიმაცია შემცირდება.

სენატორი ვიკერი წერს:

"როგორც საქართველოს მტკიცე მოკავშირე, მოხარული ვარ ვნახო ის მიღწევები და ნაბიჯები, რომელსაც თქვენმა ქვეყანამ ბოლო 16 წლის განმავლობაში მიაღწია.

ვარდების რევოლუციის შემდეგ ინსტიტუტების გაძლიერებისთვის განხორციელებულმა კონკრეტულმა ქმედებებმა, სასამართლო რეფორმის რამდენიმე ტალღის ჩათვლით, ენერგიულმა და აქტიურმა სამოქალაქო საზოგადოებამ თქვენი ქვეყანა გახადა ყველაზე დემოკრატიული პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის.

ვიცი, რომ იზიარებთ ჩემს ენთუზიაზმს საქართველოში განგრძობადი დემოკრატიული მიღწევების შესახებ და სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ვწერ - არსებობს შეშფოთება ბოლოდროინდელი მოვლენების გამო.

გასულ თვეში, საქართველოს პარლამენტის წევრებმა არ შეასრულეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი დაპირება საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებდა. ამ საარჩევნო ცვლილებებს ჰქონდა ფართო საშინაო მხარდაჭერა, ასევე, დემოკრატიის საერთაშორისო დამცველები საუბრობდნენ მის მნიშვნელობაზე საქართველოში მრავალპარტიული დემოკრატიის გაძლიერების კუთხით. სამწუხაროდ, საკანონმდებლო ცვლილებების მოულოდნელმა ჩაგდებამ უკვე დაიწყო საზოგადო რწმენის დაზიანება, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდება.

ასევე, არსებობს წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ რჩება შთაბეჭდილება, რომ ბოლოდროინდელი სისხლის სამართლებრივი დევნის მოულოდნელი ტალღა მიზანმიმართულად დაიწყო პოლიტიკური ოპონენტების და ოპოზიციური მედიების მისამართით.

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ბოლოდროინდელმა მინიშნებებმა, რომლებიც გამოხატავენ მუქარას პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრების შესახებ, გააღრმავა შეშფოთება დევნის და სასამართლო პროცესების დაწყების დროისა და გარემოებების გამო. საქმე ეხება ისეთ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, როგორებიც გიგა ბოკერია და ნიკა მელია არიან.

ქართული ოცნების მიერ უზენაეს სასამართლოში 14 მოსამართლის უვადოდ არჩევაზე ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილება, მათ კვალიფიკაციასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნების არსებობის მიუხედავად, ხელს შეუწყობს სასამართლოს მიმართ ნდობის კლებას. დამტკიცებული მოსამართლეების რაოდენობა, როგორც ჩანს, ბევრად აღემატება ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, რომლის მიხედვითაც, "უზენაესი სასამართლოს წევრთა რაოდენობა მოსამართლე უნდა იყოს იმდენი, რამდენიც საჭიროა სასამართლოს ფუნქციონირებისთვის". რეკომენდაცია ვენეციის კომისიამ მოსამართლეთა შერჩევის პროცესის მიმართ დაბალი ნდობის გამო გასცა.

არჩევნების გამო, რომლამდეც 1 წელზე ნაკლები დროა დარჩენილი, მე მოვუწოდებ თქვენს მთავრობას, სწრაფად მიიღოს საარჩევნო სისტემა, რომელსაც ექნება მოქალაქეთა მხარდაჭერა და ყველასთვის უზრუნველყოფს თამაშის თანაბარ წესებს.

თუ ეს ზომები მიღებული არ იქნება, კიდევ უფრო შემცირდება შიდა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ნდობა, რამაც შესაძლოა, შეამციროს არჩევნების ლეგიტიმაცია", - წერს სენატორი როჯერ ვიკერი წერილში.

“ჰელსინკის კომისიის” კომიტეტი კონგრესის ორპარტიული კომიტეტია, რომელშიც სენატის და წარმომადგენელთა პალატის კონგრესმენები შედიან. ის 1975 წლის “ჰელსინკის შეთანხმების” შემდეგ შეიქმნა და დემოკრატიის, ადამიანის უფლებების საკითხებზე მუშაობს. ასევე, მეთვალყურეობას უწევს შეერთებული შტატების პოლიტიკას “ჰელსინკის შეთანხმების” ხელმომწერ ქვეყნებში. 

საქართველოს მთავრობამ წერილის შესახებ ინფორმაცია არ გაავრცელა. შესაბამისად, არ გაუსაჯაროებია მისი შინაარსიც. წერილზე ხელისუფლების წარმომადგენლებს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

გახარიას მთავრობას, სენატორ ვიკერის გარდა, კრიტიკული წერილი ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე 7-მა კონგრესმენმაც გამოუგზავნა.

კომენტარები