კორონავირუსი

იმნაძე: ბაკურციხეში ჩინეთიდან დაბრუნებულ ქალს კორონავირუსი არ აქვს, აქ გადასდეს გრიპი

პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, ბაკურციხეში ჩინეთიდან დაბრუნებულ 22 წლის ქალს კორონავირუსთან არანაირი კავშირი არ აქვს. მან TV პირველის ეთერში აღნიშნა, რომ ქალს "ჩვეულებრივი გრიპი" აქვს და ის ჩინეთიდან ჩამოსვლის შემდეგ, საქართველოში ოჯახის წევრებმა გადასდეს.

"ჩინეთი დიდი ქვეყანა რომ არის, ალბათ ყველა დაგვეთანხმება. ეს ქალბატონი იყო ჩინეთში იმ ადგილას, საიდანაც ვუხანამდე არის იმხელა მანძილი, რამდენიც, დავუშვათ, თბილისიდან სტამბოლამდე. ეს არც ერთი საერთაშორისო განმარტებით საეჭვო შემთხვევადაც კი არ ითვლება" - თქვა იმნაძემ და განმარტა, რომ დაავადებათა ეროვნულ ცენტრს შეტყობინება ყველა შემთხვევაზე მისდის.

"პატარა გაციებაც რომ ჰქონდეს, თუ ჩინეთშია ნამყოფი, ყველა ინფორმაცია მოგვდის და შემიძლია, გითხრათ - საეჭვოც კი არ არის ეს ქალბატონი, კლინიკურადაც მას არ აქვს არავითარი ნიშანი კორონავირუსის. მწვავე რესპირატორული ინფექციაც კი არ აქვს, უბრალოდ, აქვს რესპირაციული ინფექცია. ექიმმა შეასრულა მოქმედი წესი და შემთხვევა შეგვატყობინა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩინეთში იყო ნამყოფი. მოკვლეულია შემთხვევა და საეჭვო შემთხვევად ვერ ჩაითვლება არც ერთი საერთაშორისო რეკომენდაციის თანახმად.

ქალბატონი სახლში მკურნალობს, რადგან არ არის არავითარი წინაპირობა ამის... რაკი ასე გადაირია საზოგადოება, გეტყვით, რომ ოჯახის წევრებისგან გადაედო ჩვეულებივი გრიპი, აქ რომ ჩამოვიდა, იმათმა გადასდეს. ოჯახის წევრებისგან გახდა ის ავად" - ამბობს იმნაძე.

საქართველოში აეროპორტებში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრების შემოწმება დაიწყო. ეპიდემიოლოგები და გადაუდებელი ცენტრის მედიკოსები მგზავრებს როგორც დისტანციური თერმომეტრებით, ისე პირადი გასაუბრებით ამოწმებენ. მათ ასევე მიეწოდებათ ინფორმაცია ვირუსის სიმპტომურ მახასიათებლებთან დაკავშირებით.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, შემოწმდებიან ჩინეთიდან საქართველოში როგორც ავიარეისებით, ისე ტრანზიტულად შემოსული მგზავრები. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ვირუსის გავრცელების მხრივ, საქართველო დაბალი რისკის ქვეშ მყოფ ქვეყნებს შორისაა.

ჩინეთში კი, ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 106-ს მიაღწია. გაიზარდა ვირუსით ინფიცირების შემთხვევებიც. ამ დროისათვის უკვე გამოვლენილია დაავადების 4,515 შემთხვევა. ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ჩინეთის დედაქალაქ პეკინში, სადაც დაავადებას 50 წლის კაცი ემსხვერპლა.

ვირუსის გავრცელების ეპიცენტრში მდებარე ქალაქებში ტრანსპორტზე შეზღუდვა გამკაცრდა. პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა ზოგიერთ ქალაქში.

იაპონია და აშშ გეგმავენ, ქალაქ ვუხანში, სადაც ვირუსი პირველად გავრცელდა, სპეციალური რეისები დანიშნონ და საკუთარი მოქალაქეები გამოიყვანონ. მსგავსი ზომების მიღებას განიხილავენ საფრანგეთი და სამხრეთ კორეაც.

ვირუსი სასუნთქი გზების ინფექციას, სუნთქვის გართულებას და მაღალ სიცხეს იწვევს. ჯერ-ჯერობით ვაქცინა ან წამალი არ არსებობს.

ჩინეთის სახელმწიფო მედიის მიხედვით დაავადებისაგან სრულად გამოჯანმრთელების შემდეგ საავადმყოფოდან უკვე 60 ადამიანი გაწერეს. ვირუსით დაღუპულთა უმეტესობა ასაკოვნები იყვნენ, რომელთაც სასუნთქი გზების პრობლემები აწუხებდათ. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის მიხედვით, ვირუსით შესაძლოა ბავშვებიც დაავადდნენ, თუმცა მათ შემთხვევაში სიმპტომები უფრო მსუბუქია.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ვირუსი ინკუბაციის პერიოდშიც ვრცელდება, რაც მისი გავრცელების შეჩერებას ართულებს. ინკუბაციის პერიოდი, როდესაც დაავადებულ პირს სიმპტომები არ აღენიშნება, შესაძლოა, 1-დან 14 დღემდე გაგრძელდეს. ამის გამო პეკინსა და შანხაიში ჰუბეის პროვინციიდან ჩამოსულ ადამიანებზე 14-დღიანი დაკვირვება დააწესეს.

გადაიდო სკოლებსა და უნივერსიტეტებში ახალი სასწავლო სემესტრის დაწყებაც.

დაავადების შემთხვევები დაფიქსირდა ჩინეთის ფარგლებს გარეთაც, თუმცა ამ დრომდე ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა არ ყოფილა. ვირუსით დაავადების 8 შემთხვევა დაფიქსირდა ტაილანდში, 5 აშშ-ში, ავსტრალიაში, სინგაპურსა და ტაივანში, 4 სამხრეთ კორეაში, იაპონიასა და მალაიზიაში, 3 საფრანგეთში, 2 ვიეტნამში, 1 ნეპალში, კანადაში, კამბოჯაში, შრი ლანკაში და გერმანიაში. თითქმის ყველა შემთხვევაში დაავადებული პირი ვუხანში იმყოფებოდა, ან ვუხანიდან ჩასულ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.

კომენტარები