სანქციები რუსეთს

ბოკერია პრეზიდენტის ევროსაბჭოში გამოსვლაზე: ქვეყნის ინტერესებისთვის საზიანოდ მოიქცა

გიგა ბოკერია
ტაბულა

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია "სამარცხვინო" და "საქართველოს ინტერესებისთვის უაღრესად საზიანო საქციელს" უწოდებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე. ბოკერიას შეფასებით, სალომე ზურაბიშილმა მთელი გამოსვლის განმავლობაში ვერც ერთი მკაფიო გზავნილი ვერ გააკეთა - რას მოველით საერთაშორისო თანამეგობრობისგან. ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის თქმით, პროცედურული დარღვევები და სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლის შინაარსი მეორეხარისხოვანია იმასთან შედარებით, რაც საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინელი დეპუტატის კითხვაზე პასუხისას თქვა.

"გამოსვლისას მან არა თუ ის არ თქვა, რომ რუსეთს უნდა შეექმნას კონკრეტული პრობლემები, სანამ არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და ოკუპირებული აქვს ტერიტორიები, სანამ წევს საოკუპაციო ხაზს, სანამ აკავებს, იტაცებს და კლავს ჩვენს მოქალაქეებს, სანამ ჰუმანიტარული კრიზისია შექმნილი, მაგალითად, ახალგორის რეგიონში, არამედ, ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერი უკრაინელი პატრიოტი დეპუტატების კითხვაზე - დაუჭერს თუ არა მხარს, რომ პუტინის რუსეთს შეექმნას საერთაშორისო ასპარეზზე პრობლემა და დაუწესდეს სანქციები თავისუფალი სამყაროსგან, უპასუხა, რომ არა. ჩვენი მოკავშირის კითხვაზე - დაუჭერს თუ არა მხარს საქნციებს, უპასუხა, რომ არა, არ უჭერს საქართველოს ხელისუფლება მხარს იმას, რომ რუსეთს ჰქონდეს პრობლემა" - ამბობს ბოკერია.

ევროპული საქართველოს დეპუტატი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სანქციები ერთადერთი ბერკეტია ჩვენი მოქალაქეების მოტაცება-მკვლელობების და საოკუპაციო ხაზის გადმოწევის ალბათობის შემცირების.

"ამ სამარცხვინო და კატასტროფული განცხადების შემდეგ, ყველა სხვა განცხადება იქამდე ნათქვამი, რომ "ჩვენ ვისაუბრეთ პრობლემებზე", არა თუ აზრს კარგავს, პირიქით, კონტრპროდუქტიულიც არის. ის, რაც პრობლემაა, საქართველოს მთავრობა ეფექტურადაც რომ მუშაობდეს, მარტივი არ არის ამ საკითხების დაძვრა და როცა საქართველოს მთავრობა და პრეზიდენტი იძახის, რომ ამას მხარს არ უჭერს, რისი იმედი უნდა ჰქონდეთ, რომ რომელიმე ჩვენი თუნდაც პარტნიორი ჩვენ ნაცვლად იაქტიურებს, რომ ჩვენს პრობლემებზე თავი შეიწუხოს? ეს ხომ გამორიცხულია.

არაფერს ვამბობ იმაზეც, რომ სხვა თემებზეც მოიჭრა თავი. კითხვებზე, რომელზეც აქ ხშირად სრულიად ბრიყვულად იზახის, ეს პრეზიდენტის საქმე არ არისო, იქ გამოვიდა და ტქვა, რომ გავრილოვის ღამეს ძალის გამოყენება მთლიანად გამართლებული იყოო. მთლიანად ანუ იმ პოლიციელების ჩათვლით, რომლებიც ფირზე არიან აღბეჭდილნი, ერთობიან და დამიზნებით სახეში ესვრიან ახალგაზრდებს. 

სასამართლოზე საუბარს აქ რომ არიდებს ხოლმე - ეს ჩემი საპრეზიდენტო უფლება არ არისო, იქ თქვა, ყველაფერი კარგად არისო, ხოლო პროპორციულ სისტემაზე დასმულ კითხვაზე თქვა, რომ ამაზე კომენტარს არ გავაკეთებო

პროცედურულ საკითხზეც თავი მოგვჭრა, არ გვახსოვს, რომ ქვეყნის მეთაურს დაემსახურებინოს შენიშვნა პროცედურულ საკითხზე დეპუტატებისგან -  მან ისაუბრა 50 წუთი და აშკარა გახდა ყველასთვის, რომ ცდილობდა, კითხვებისთვის ცოტა დრო დარჩენოდა. თუმცა, ისე გასაგებია, რატომაც უნდოდ,ა ცოტა დრო დარჩენილიყო კითხვებისთვის ამ კატასტროფული პასუხების ფონზე" - თქვა ბოკერიამ.

კომენტარები