სალომე ზურაბიშვილი

კაპანაძე ზურაბიშვილის PACE-ში გამოსვლაზე: იყო სამარცხვინო, ბევრი ქვესამარცხვინო ეპიზოდით

ტაბულა

ევროპული საქართველოს წევრი, სერგი კაპანაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლას ეხმაურება და ამბობს, რომ გამოსვლა იყო "სამარცხვინო, ბევრი ქვესამარცხვინო ეპიზოდით." 

კაპანაძის თქმით, ზურაბშვილის გამოსვლა, რომელიც "50 წუთი გაახანგრძლივა, რომ კითხვები არ დაესვათ", ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო იყო და მასში რამდენიმე ფუნდამენტური პრობლემა გამოჩნდა.

"კონკრეტულ კითხვაზე, აპირებს თუ არა, რომ მხარი დაუჭიროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, ამაზე, პრაქტიკულად, არა უპასუხა. ეს არ არის კითხვა, რომელსაც შეიძლება გვერდი აუარო, ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხი ძალიან ნათელი და მკაფიო კი არის. ამაზე პასუხი იყო ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო. მეორე დიდი პრობლემა ის არის, რომ პრაქტიკულად, დაადასტურა, რომ აპირებენ, გვერდი აუარონ კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და საქართველოში მიიღონ ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი. ასევე, ტყუილების გავრცელებით არის დაკავებული, კონკრეტულად, ის ნაწილი, როცა თქვა, რომ ჯერ გადადგა სპიკერი და მერე მოხდა გავრილოვის ღამე და "შეტევა პარლამენტზე" ",-ამბობს სერგი კაპანაძე.

კაპანაძის თქმით, ზურაბიშვილის გამოსვლა და ზემოთ ჩამოთვლილი ეპიზოდები აჩვენებს, "რა მძიმე შედეგები მოაქვს ქვეყანაში ოლიგარქის ჭკუაზე სიარულს და მის მიერ შერჩეული პოლიტიკური ფიგურების აღზევებას" 

"ჩვენი ყველას ამოცანა უნდა იყოს, რომ ამ სამარცხვინო მდგომარეობიდან გამოვიდეთ შემდეგ არჩევნებზე",-ამბობს კაპანაძე. 

დღეს, 28 იანვარს, ზურაბიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას სიტყვით მიმართა. პრეზიდენტმა 50 წუთის განმავლობაში ისაუბრა და კითხვებისთვის 10 წუთი დაიტოვს, რის შემდეგაც ბრიტანელმა დეპუტატმა, სერ ედვარდ ლიმ დროის უკმარისობის გამო უკმაყოფილება გამოთქვა და ევროსაბჭოს პრეზიდენტს სთხოვა, შემდეგი გამომსვლელებისთვის მოეწოდებინა, მათი სიტყვა 15-20 წუთს გაგრძელებულიყო, რათა პარლამენტარებს შეკითხვების დასმა მოესწროთ. 

ზურაბიშვილმა რუსი პარლამენტარის კითხვაზე პასუხად თქვა, რომ საქართველო "გვერდს აუვლის თავის კანონმდებლობას" და მაისში ევროსაბჭოს ასამბლეისათვის საქართველო რუს დელეგატებს ქვეყანაში დაუშვებს, მიუხედავად იმისა, ნამყოფები არიან თუ არა ისინი უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. 

ასევე, პრეზიდენტმა არ უპასუხა კითხვას, ემხრობა თუ არა სანქციებს რუსეთისთვის საქართველოს ოკუპაციის გამო.

კომენტარები