მაია ბაქრაძის საქმე

EMC-მ ყოფილი მოსამართლის დისკრიმინაციის ფაქტზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

0 კომენტარი
ფოტო: kvira.ge

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა EMC თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლისა და "მოსამართლეთა ერთობის თავმჯდომარის" მაია ბაქრაძის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. 

EMC-ის განცხადებით, ორგანიზაცია მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-11 (გაერთიანების თავისუფლება) მუხლებთან ერთობლიობაში, მე-14 მუხლის (დისკრიმინაციის აკრძალვა) და მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლების) სავარაუდო დარღვევებზე დაობს. 

მაია ბაქრაძე მოსამართლეების ნებაყოფლობითი გაერთიანების "მოსამართლეთა ერთობის" დამფუძნებელი წევრია. გაერთიანება 2013 წელს სასამართლო რეფორმის მხარდასაჭერად შეიქმნა და მისი მიზანი ინიდივიდუალური მოსამართლის გაძლიერების გზით სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტიების გაუმჯობესება იყო. 

მაია ბაქრაძე, გაერთიანების სხვა წევრებთან ერთად, საჯარო გამოსვლებში ხშირად საუბრობდა კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებზე და აკრიტიკებდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებებს. ის ღიად საუბრობდა ასევე სასამართლოში არსებულ ე.წ კლანზე. 

2015 წლის 22 სექტემბერს მაია ბაქრაძეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეობის ვადა ამოეწურა. 2015-16 წლებში ბაქრაძემ მოსამართლეთა შესარჩევ ორ კონკურსში მიიღო მონაწილეობა, თუმცა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ორივე შემთხვევაში უარი თქვა მის მოსამართლედ ხელმეორედ დანიშვნაზე. 

"იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მაია ბაქრაძის გასაუბრების ჩანაწერები ცხადყოფს, რომ საბჭოს წევრები, კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმების შეფასების ნაცვლად, დაინტერესებული იყვნენ "მოსამართლეთა ერთობის" საქმიანობითა და მაია ბაქრაძის შეხედულებებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ კრიტიკული განცხადებების თაობაზე,"- წერს არასამთავრობო ორგანიზაცია. 

EMC-ის ცნობითვე, 2013-16 წლებში მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის შედეგების ანალიზისას მათ გამოკვეთეს, რომ იმ ყოფილ მოსამართლეთა დიდი უმრავლესობა, რომელსაც ხელმეორედ დანიშვნაზე საბჭომ უარი უთხრა, "მოსამართლეთა ერთობის" წევრები იყვნენ. 

"EMC-ს მიერ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წარდგენილ განაცხადში მითითებულია, რომ მაია ბაქრაძე გახდა განსხვავებული მოპყრობის მსხვერპლი იუსტიციის საბჭოს მხრიდან, მისი და "მოსამართლეთა ერთობის" კრიტიკული მოსაზრებების გამო, რაც წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევას მე-8, მე-10, მე-11 მუხლებთან ერთობლიობაში,"- წერს ორგანიზაცია. 

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობითვე, ეროვნულმა სასამართლოებმა ბაქრაძის დისკრიმინაციის საქმე არასათანადოდ განიხილეს. კერძოდ, მათ არ დააკმაყოფილეს მისი შუამდგომლობები საქმისთვის არსებითი მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე, რამაც იგი მოპასუხესთან შედარებით არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩააყენა. 

ამასთან, მათივე ინფორმაციით, ეროვნულმა სასამართლოებმა არ შეაფასეს, გამოიყენა თუ არა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ერთიანი სტანდარტი მოსამართლეობის კანდიდატების მიმართ და იკვეთებოდა თუ არა მათ გადაწყვეტილებებში არათანაბარი მოპყრობის ნიშნები, რაც დამატებით, მათივე განცხადებით, კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფის დარღვევას წარმოადგენს. 

"მაია ბაქრაძის საქმე ერთერთი მაგალითია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განსხვავებული აზრის დევნისა და მოსამართლეთა დანიშვნის კუთხით მიღებული თვითნებური გადაწყვეტილებებისა, რომელზეც წლებია მიუთითებენ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები.

ეს პრობლემა კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური 2019 წელს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის ფონზე. საკითხის სიმწვავეზე მაშინაც მიუთითებდნენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის საქართველოს სახალხო დამცველი და ვენეციის კომისია,"- წერს EMC. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები