სალომე ზურაბიშვილი ევროსაბჭოში

ბოკერია ლავროვის შესაძლო ჩამოსვლაზე: ხალხის რეაქცია იქნება მშვიდობიანი, მაგრამ უმწვავესი

ტაბულა

გიგა ბოკერია სალომე ზურაბიშვილის ევროსაბჭოში გამოსვლას სამარცხვინოს უწოდებს, მის განცხადებას ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევის შესახებ კი - ქვეყნისთვის მორიგ ჯერზე მიყენებულ ზიანს, რომელსაც ხალხის მხრიდან მშვიდობიანი, მაგრამ უმწვავესი რეაქცია მოჰყვება.

"ეპითეტები არ მყოფნის, აღვწერო, რას წარმოადგენს ეს ადამიანი ქვეყნისთვის ზიანის თვალსაზრისით.

ჯერ ეს რა განცხადებაა - კანონს დავარღვევთო. შევცვლითო მაინც ეთქვა, ესეც სამარცხვინოა ამ კონტექსტში, მაგრამ მაინც. ისიც სამარცხვინოა, რომ არ იცის, რომ მთავრობას აქვს დისკრეცია, გააკეთოს გამონაკლისი, თუ ეს ქვეყნის ინტერესებში შედის და რაციონალური ინტერესებიდან გამომდინარეობს.

ერთი ვინმემ ახსნას მანდ, რა რაციონალური ინტერესია ლავროვის შემოყვანა ქვეყანაში, როცა ოკუპაციაა, როცა თვითონ იძახიან, რა ხდება ახალგორში, ოთხოზორია, ტატუნაშვილის მკვლელობაზე მათი საქციელის ფონზე. იმიტომ კი არა, რომ მტერს არ უნდა ელაპარაკო. უნდა ელაპარაკო და რაღაც მომენტში შეიძლება შეხვედრაც შედგეს და მოიწვიო კიდეც, ოღონდ ეს რაღაცისთვის უნდა კეთდებოდეს, რაც ეროვნულ ინტერესშია. ახლა მანდ ვართ, რამე გარღვევას ელოდებიან? ჩავა ახლა ლავროვი უკრაინაში, ჩაუშვებენ? იმიტომ კი არა, რომ ხუშტურზეა საუბარი. პრინციპის საკითხია. უნდა უნდოდეს ნორმალურ მთავრობას, საერთაშორისო დონეზე მოითხოვო რაღაცები.

მით უმეტეს, როცა საფრთხეა და როცა უკრაინელი კოლეგა გიწევს გიწევს ამ საკითხს, გეკითხება, მომხრე ხართ თუ არა, რომ სანამ რუსეთი ასე გექცევათ თქვენც, ჩვენც და ამის გამო პრობლემა შევუქმნათო და ამაზე პასუხობ, არაო, რაზე ვსაუბრობთ საერთოდ, გარდა ქვეყნისთის მორიგ ჯერზე მიყენებული ზიანისა.

ხალხს არ მოეწონება კი არა, უმწვავესი რეაქცია იქნება. მშვიდობიანი, მაგრამ უმწვავესი", - თქვა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა.

ევროსაბჭოში რუსი პოლიტიკოსის კითხვის პასუხად სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ საქართველო გვერდს აუვლის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს და მინისტრთა კომიტეტის სესიაზე დასასწრებად საქართველოში რუს დელეგატებს შემოუშვებს.

ასევე, ზურაბიშვილმა არ უპასუხა უკრაინელი პოლიტიკოსის მიერ დასმულ კითხვას, უჭერს თუ არა მხარს რუსეთის ფედერაციისთვის სანქციების დაკისრებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გამო.

კომენტარები