გიორგი გახარია

გახარია კითხვაზე, წერილი სურს თუ სიხარული: თქვენგან და ზოგადადაც სიხარული მნებავს

საქართველოს მთავრობა

"თქვენგან და ზოგადადაც სიხარული მნებავს"- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვას, წერილი სურს თუ სიხარული.

"ჯერ ერთი, ამ კითხვაზე და თვალის ჩაკვრაზეც ექსკლუზივი მე მეკუთვნის. რაც შეეხება თქვენს კითხვას, თქვენგან მინდა სიხარული",-თქვა გახარიამ. 

"თქვენ წერილი გინდათ თუ სიხარული?" - ჰკითხა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს მამუკა ხაზარაძის შესახებ დასმულ კითხვაზე პარლამენტში

ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე კრიტიკული წერილი საქართველოს მთავრობას და პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას 7-მა კონგრესმენმა, ასევე სენატორმა როჯერ ვიკერმა გამოუგზავნა. 

კონგრესმენები მარკ უეინ მალინი, ბრაიან ბაბინი და ადამ კინზინგერი გახარიასთვის გაგზავნილ წერილებში შეშფოთებას გამოხატავენ განგრძობად უარყოფით ტენდენციებზე თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ინდიკატორებში, რაც ამერიკულ და ევროპულ ბიზნესკომპანიებზე თავდასხმებში გამოიხატა და ამის მაგალითად კომპანია ფრონტერას ასახელებენ.

როგორც მალინის და ბაბინის, ასევე სხვა კონგრესმენების და სენატორ როჯერ ვიკერის წერილებში გამოთქმულია წუხული და შეშფოთება იმაზეც, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების კანონპროექტი ჩააგდო. ამერიკელი პარტნიორები ასევე უთითებენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის დროს ხარვეზებზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქციებისთვის ხელის შეშლასა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სამართლებრივ დევნასა და მედიის შევიწროებაზე.

ჰალიფაქსის​ საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმის ვიცე-პრეზიდენტი, რობინ შეპარდი ამბობს, რომ კონგრესმენებმა საქართველოს წერილებით გაფრთხილება მისცეს და მნიშვნელოვანია, ქვეყანამ ეს გაითვალისწინოს. შეპარდის თქმით, თუ ვითარება გაუარესდა, კონგრესს აქვს ბერკეტები, რომ საქართველოს მთავრობას ცხოვრება გაურთულოს. მან ასევე აღნიშნა, რომ წერილები კარგის ნიშანია და მიუთითებს იმაზე, რომ ამერიკაში საქართველოზე ფიქრობენ.

კომენტარები