პარლამენტის პიკეტირება

ხვალ, 4 თებერვალს, პარლამენტის პიკეტირება იგეგმება

საქართველოს პარლამენტი
wikipedia.org

ხვალ, 4 თებერვალს, საგაზაფხულო სესიის გახსნის პარალელურად, ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის შესასვლელების პიკეტირებას გეგმავენ.

როგორც ევროპული საქართველოს დეპუტატი, სერგი კაპანაძე, ტაბულასთან საუბარში განმარტავს, ისინი აპირებენ პარლამენტის შესასვლეთან სირცხვილის დერეფნების მოწყობას, რათა მაქსიმალური დისკომფორტი შეუქმნან პარლამენტარებს, რომლებმაც პროპორციული საარჩევნო სისტემა ჩააგდეს.

"ხვალ იგეგმება პარლამენტის პიკეტირება, მოვაწყობთ სირცხვილის დერეფანს, შევეცდებით, რომ მაქსიმალური დისკომფორტი შევუქმნათ იმ პარლამენტარებს, რომლებიც პარლამენტში ივანიშვილის სასიამოვნოდ და საამებლად შედიან და არა რეალური საქმის საკეთებლად. შევუქმნით დისკომფორტს იმ პარლამენტარებს, რომლებმაც პროპორციული საარჩევნო სისტემა წაართვა ქართველ ხალხს", - ამბობს კაპანაძე.

ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე დაგეგმილ პიკეტს გამოეხმაურა და თქვა, რომ პარლამენტის პიკეტირება მიუღებელია და როგორც სხვა შემთხვევებში, ახლაც მოჰყვება ამას "შესაბამისი რეაგირება".

კომენტარები