ბათუ ქუთელია

ბათუ ქუთელია: არ ვარ არც ერთი პარტიის წევრი, არც წარმომადგენელი არანაირ მოლაპარაკებებში

1tv.ge

ატლანტიკური საბჭოს დირექტორი საქართველოში, ბათუ ქუთელია ეხმაურება მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ამერიკულ ლობისტურ კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას ენმ-ის ხელს ქუთელია აწერს.

ბათუ ქუთელია ფეისბუქზე წერს, რომ არც ერთი პარტიის წევრი ან წარმომადგენელი მოლაპარაკებებში არ არის.

ატლანტიკური საბჭოს დირექტორი განმარტავს, რომ ანალიტიკური პროდუქტების შექმნა მისი საქმიანობის ნაწილია, ამჟამად რამდენიმე უცხოურ კომპანიასთან მუშაობს და მათ შორის არის მდინარაძის მიერ დასახელებული ორიონ სტრატეგი.

"ჩემი პროფესიული საქმიანობის ერთერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ანალიტიკური პროდუქტების შექმნა და შესაბამისი მომსახურეობის გაწევა დაინტერესებული უცხოური კომპანიებისათვის. ამჟამად ვმუშაობ რამოდენიმე ამერიკულ კომპანიასთან და მათი ინტერესებიდან გამომდინარე ჩემი ანალიტიკური პროდუქტები არის პოლიტიკური, ეკონომიკური, უსაფრთხოების თუ სხვა პროფილის. ერთერთი ასეთი კომპანია ორიონ სტრატეგი. ყველა ეს საქმიანობა არის ღია და გამჭვირვალე ამერიკული კანონმდებლობით. საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ორიონ სტრატეჯი გააკეთებს დამატებით განმარტებებს.

ჩემი ანალიტიკური მომსახურეობის სანდოობა და საიმედოობა დაკავშირებულია ჩემს განვლილ კარიერასთან, რეპუტაციასთან, შესრულებული საქმის ხარისხთან და მიუკერძოებლობასთან", - წერს ქუთელია.

რაც შეეხება ქვეყანაში შექმნილ პრობლემებს, მიზეზებსა და გაწყვეტის გზებს, ბათუ ქუთელია წერს, რომ ამის შესახებ მისი მოსაზრებების წაკითხვა შესაძლებელია The American Interest-ში 31 იანვარს გამოქვეყნებულ სტატიაში.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ 3 თებერვალს აშშ-ში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლობისტურ საქმიანობაზე ისაუბრა. მისი თქმით, 2019 წლის ოქტომბერში პარტიამ კომპანია Orion Strategies დაიქირავა, რომელთან ხელშეკრულებას ხელს აწერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში, ამჟამად ატლანტიკური საბჭოს დირექტორი საქართველოში, ბათუ ქუთელია.

საპასუხოდ, ნაციონალურ მოძრაობაში ჟურნალისტებს კონტრაქტი წარუდგინეს, სადაც, ხატია დეკანოიძის თქმით, არა ქუთელიას, არამედ პარტიის აღმასრულებელი, მდივნის, კობა ნაყოფიას ხელმოწერაა.

კომენტარები