მორის მაჩალიკაშვილის საქმე

მორის მაჩალიკაშვილს საპროცესო გაუფორმდა, ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება/მონაწილეობაში ბრალდებულ მორის მაჩალიკაშვილს პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. მან ბრალი აღიარა.

საპროცესო შეთანხმების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლომ მაჩალიკაშვილს 2-წლიანი პირობითი მსჯავრი განუსაზღვრა და 6 თებერვლის სხდომაზე დარბაზიდან გაათავისუფლა.

"ბრალდებულმა დღევანდელ სხდომაზე სრულად აღიარა ბრალი, მან არასადავოდ გახადა პროკურატურის მტკიცებულებები, დაეთანხმა სისხლის სამართლის საქმეში არსებული ინფორმაციის შინაარსს. შესაბამისად, მისი აღიარების გათვალისწინებით, აგრეთვე, იმის გათვალისწინებით, რომ მან მოინანია და არასადავოდ გადახადა მტკიცებულებები, მიჩნეულ იქნა მიზანშეწონილად საპროცესო შეთანხმების გაფორმება" - თქვა პროკურორმა გიორგი მუკბანიანმა.

მორის მაჩალიკაშვილმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალს აღიარებს, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ პარლამენტში შეჭრა არ უნდოდა.

"პარლამენტში შეჭრა არ მინდოდა, ამას არ ვაპირებდი. ბიძაჩემს ვიცავდი“, - თქვა ინტერპრესნიუსის ცნობით, მორის მაჩალიკაშვილმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმის შვილი, მორის მაჩალიკაშვილი 2019 წლის 20 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციაზე იმყოფებოდა. 26 ივლისს კი, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ის დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მაჩალიკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საგამოძიებო ორგანო მორის მაჩალიკაშვილს 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართული საპროტესტო აქციის დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა. პროკურატურის განცხადებით, მორის მაჩალიკაშვილი იმყოფებოდა პარლამენტის წინ და სხვა პირებთან ერთად ძალადობდა პოლიციელებზე, ურტყამდა მათ და მონაწილეობდა სხვა ძალადობრივ ქმედებებში.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის პირველადი შეფასებით, მორის მაჩალიკაშვილის დაკავება, შესაძლოა, მალხაზ მაჩალიკაშვილის ბრძოლაზე გავლენის იარაღი ყოფილიყო. EMC-ის აზრით, სისხლის სამართლის საქმის მასალები ვერ ქმნიდა დასაბუთებულ ვარაუდს იმის თაობაზე, რომ მორის მაჩალიკაშვილი მონაწილეობდა ჯგუფურ ძალადობაში, მით უფრო, თავს ესხმოდა ადგილზე მყოფ პოლიციის თანამშრომლებს.

კომენტარები