ტერორიზმი

აშშ-ის ოპერაციისას არაბეთის ნახევარკუნძულზე მოქმედი ალ-ქაიდას განშტოების ლიდერი მოკლეს

AFP

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ამერიკის მიერ ჩატარებული ოპერაციისას არაბეთის ნახევარკუნძულზე ტერორისტული დაჯგუფება ალ-ქაიდას ლიდერი ქასიმ ალ-რაიმი მოკლეს.

ალ-რაიმი ჯიჰადისტურ დაჯგუფებას 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა, მას შემდეგ, რაც აშშ-ის მიერ დრონით თავდასხმისას მისი წინამორბედი მოკლეს. ის არაერთ ტერორისტულ აქტთან იყო დაკავშირებული.

არაბეთის ნახევარკუნძულზე მოქმედი ალ-ქაიდას ფრთა 2009 წელს იემენსა და საუდის არაბეთში მოქმედი ტერორისტული დაჯგუფებების გაერთიანების შედეგად შეიქმნა და მიზანს აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი მთავრობების დამხობა და რეგიონში დასავლეთის გავლენებთან ბრძოლა წარმოადგენს.

დაჯგუფების მიერ განხორციელებული თავდასხმების უმეტესობა იემენში მოხდა.

თეთრი სახლის განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული ალ-რაიმის ლიკვიდაციის დრო. დრონით თავდასხმის შედეგად მისი სიკვდილის შესახებ ცნობები გავრცელდა იანვარშიც. მაშინ დაჯგუფებამ აუდიო ჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც რაიმი ამბობს, რომ ფლორიდაში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე საუდის არაბეთის მოქალაქის მიერ განხორციელებული სროლის უკან არაბეთის ნახევარკუნძულის ალ-ქაიდა იდგა, თუმცა უცნობია მართლაც ჰქონდა თუ არა მომხდართან კავშირი ტერორისტულ დაჯგუფებას და როდის არის ჩანაწერი გაკეთებული.

კომენტარები