აშშ-რუსეთი

აშშ რუსეთს ვენესუელაში მადუროს რეჟიმის მხარდაჭერის გამო სანქციებით ემუქრება

ელიოტ აბრამსი
Reuters

ვენესუელაში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა ელიოტ აბრამსმა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან საუბარში რუსეთი გააფრთხილა, რომ თუ მადუროს რეჟიმის მხარდაჭერას არ შეწყვეტენ, მათ წინააღმდეგ შესაძლოა დამატებითი სანქციები დაწესდეს.

"ტრამპის ადმინისტრაციის რამდენიმე წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რუსებმა შესაძლოა მალე აღმოაჩინონ, რომ მადუროს რეჟიმისადმი მათი მხარდაჭერა საფასურის გარეშე აღარ იქნება."

მას შემდეგ, რაც აშშ-მა ვენესუელის ნავთობისა და გაზის მომპოვებელ სახელმწიფო კომპანია PDVSA-ს სანქციები დაუწესა, მის მთავარ პარტნიორად რუსული როსნეფტი იქცა. აშშ-ს PDVSA-ს უცხოელი პარტნიორებისათვის სანქციები ჯერ-ჯერობით არ დაუწესებია. აბრამსს არ დაუკონკრეტებია, იგულისხმება თუ არა რუსეთისადმი სანქციების მუქარაში როსნეფტი თუმცა თქვა:

"ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სანქციებს მნიშვნელოვანი ეფექტი ჰქონდეთ და სანქციები აუცილებლად გაიზრდება."

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მექსიკაში ვიზიტისას ვენესუელაზე ისაუბრა, "აშშ-ის პროვოკაციები" გააკრიტიკა და თქვა, რომ ამგვარად ამერიკა ცდილობს სამხედრო ინტერვენციისათვის საბაბი შექმნას.

"ვენესუელელების გარდა არავის შეუძლია ეს პრობლემა გადაუჭრას მათ, მაგრამ ზოგმა შესაძლოა სცადოს მოლაპარაკებების ჩაშლა. ჩვენ ვხედავთ მსგავს მცდელობებს, რათა შეიქმნას სამხედრო ინტერვენციის საბაბი. რუსეთი და მექსიკა თანხმდებიან, რომ ეს კატეგორიულად მიუღებელია. აშშ ფიქრობს, რომ ყველაფერი დაშვებულია და ამავდროულად სასჯელებით და სანქციებით იმუქრება." თქვა მან.

პრესკონფერენციაზე ლავროვთან ერთად არ გამოჩენილა მისი მექსიკელი კოლეგა მარსელო ებრარდი.

ლავროვი ვენესუელას დღეს ეწვევა.

შეგახსენებთ, რომ 5 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში უმასპინძლა ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტ ხუან გუაიდოს. თეთრი სახლის განცხადებაში აშშ-მა ვენესუელის არალეგიტიმურ დიქტატურასთან დაპირისპირებისთვის რეგიონში პარტნიორებთან მუშაობის გაგრძელების მზაობა გამოთქვა - "ჩვენ ვენესუელელ ხალხთან ერთად ვიდგებით, რათა დემოკრატიული და წარმატებული მომავალი უზრუნველყოთ".

4 თებერვალს ტრამპმა კონგრესში გამოსვლისას ვენესუელელი ხალხის მხარდაჭერაზე დემოკრატიის აღდგენის გზაზე ისაუბრა. მან ნიკოლას მადუროს სისხლიანი ტირანი უწოდა. ტრამპის გამოსვლას კონგრესში გუაიდოც ესწრებოდა. ტრამპმა მას მიმართა და სთხოვა თანამოქალაქეებისათვის ეს გზავნილი გადაეცა:

"ამერიკელები ერთსულოვნად დგანან ვენესუელელი ხალხის გვერდით თავისუფლებისათვის ბრძოლაში! სოციალიზმი ქვეყნებს ანადგურებს, მაგრამ ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თავისუფლება სულს აერთიანებს."

ხუან გუაიდომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თქვა, რომ შედეგები გაყალბებული იყო და ხელახალი არჩევნების დანიშვნამდე გარდამავალი პრეზიდენტის პოსტი მას როგორც ეროვნული ასამბლეის თამჯდომარეს უნდა დაეკავებინა. 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა, ბრაზილიამ, კანადამ, არგენტინამ, კოლუმბიამ, საქართველომ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, გერმანიამ, ბრიტანეთმა, პორტუგალიამ, შვედეთმა, დანიამ, ავსტრიამ, ჰოლანდიამ და ასევე ევროპარლამენტმა ის ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნეს.

ნიკოლას მადუროს რეჟიმს კი მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, სირია და კუბა უჭერენ. მადუროს რეჟიმის მმართველობისას შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისისა და ინფლაციის გამო ქვეყანა 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

კომენტარები