გიგი უგულავა

"ჩემი შეცდომა იყო" - კალაძის თქმით, უგულავას ბრალის აღიარებაზე დეზინფორმაცია გაავრცელა

instagram.com/kakhakaladze/

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, გიგი უგულავას დაკავების შემდეგ აღიარა, რომ რამდენიმე დღის წინ დეზინფორმაცია გაავრცელა, როდესაც თქვა, რომ "სადავო რა არის, რა პოლიტიკურ დევნაზეა საუბარი, უგულავამ 50 მილიონი მოიპარა და ამას ხელი მოაწერა მოაწერა, მოვიპარეო".

კალაძის თქმით, მან მაშინ არასწორი განმარტება გააკეთა.

"ეს ჩემი შეცდომა იყო, მე გავაკეთე არასწორი განმარტება", - თქვა კახა კალაძემ.

მაშინ, მას გიგი უგულავამ უპასუხა და უთხრა, დღის ბოლომდე წარმოედგინა განცხადება ან ჩვენება, სადაც ის აღიარებს, რომ 50 მილიონი ლარი მოიპარა.

დღეს, "ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგი უგულავა, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ე.წ. ფონდის საქმეზე 3 წლით, 2 თვითა და 8 დღით დააკავეს.

უგულავა, დაახლოებით 10 საათისთვის, თავად მივიდა ორთაჭალის პოლიციის განყოფილებაში, საიდანაც მას ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანენ.

---

პროკურატურა უგულავას მისი მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება.

2018 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ უგულავას თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, სხვა საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა ახალი განაჩენი შთანთქა და როგორც საქალაქო სასამართლომ, ისე სააპელაციო სასამართლომ უგულავას სასჯელი მოხდილად ჩაუთვალა.

უზენაეს სასამართლოში საქმის წარმოება მას შემდეგ განახლდა, რაც აქ ახალი, უვადო მოსამართლეები დაინიშნნენ. უგულავას საქმეს სწორედ ახლადდანიშნული მოსამართლეები - ყოფილი მთავარი პროკურორი, შალვა თადუმაძე, ასევე ლალი ფაფიაშვილი და მერაბ გაბინაშვილი განიხილავდნენ. ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ნაწილი ამბობდა, რომ ისინი ე.წ კლანის წევრი მოსამართლეები არიან, რომლებიც ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

2019 წლის 28 ნოემბერს იმედის ეთერში ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციის წევრებზე თქვა, რომ "ზოგი წლობით იხდის სასჯელს და კიდევ ბევრს მოუწევს მოხდა". ქართული ოცნების ლიდერის ეს მუქარა ამერიკელი სენატორების და კონგრესმენების წერილებში შეშფოთებით აღინიშნა, როგორც ოპონენტების პოლიტიკური დევნა.

6 თებერვალს ბექა ბასილაიამ მოსამართლე შალვა თადუმაძის აცილების შუამდგომლობა დააყენა, რადგან უგულავას წინააღმდეგ სააპელაციო სასამართლოში ამ საქმის მიმდინარეობისას და ასევე საკასაციო საჩივრის მომზადების დროს მოსამართლე თადუმაძე გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა. თუმცა, თადუმაძე საქმეს არ ჩამოშორდა.

გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ დღეს დაუსწრებლად გამოიტანა.

კომენტარები