საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 193 მილიონი დოლარი შეადგინა.
ეს მაჩვენებელი წინა წლის იანვრის მაჩვენებელს 17%-ით აღემატება. ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, იანვარში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 19,8%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება უშუალოდ ტურისტულ ნაკადს, ამ მიმართულებით ზრდამ 18,9% შეადგინა. იანვარში საქართველოს 363,614 ტურისტი ეწვია.
უწყების ინფორმაციით, უცვლელი დარჩა იმ ქვეყნების სამეული, საიდანაც ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა. ესენია: აზერბაიჯანი, რუსეთი, თურქეთი. იანვარში განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა ისრაელიდან, ყაზახეთიდან და საუდის არაბეთიდან. დადებითი ტენდენცია შენარჩუნდა ევროკავშირის ქვეყნებიდანაც.
გასულ წელს საქართველოში ჩამოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 8 მილიონს გადააჭარბა. ამის პარალელურად გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავალიც. რუსეთის მხრიდან დაწესებული ავიასანქციების მიუხედავად, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი წლის ბოლოსთვის 47 მილიონით გაიზარდა და 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.