არჩევნები 2020

ხაზარაძე მაჟორიტარობის ერთიან კანდიდატებზე: პრინციპში, ვეთანხმებით, მაგრამ ჯერ მზად არ ვართ

მამუკა ხაზარაძე
ლელო

მამუკა ხაზარაძის თქმით, პოლიტიკური მოძრაობა "ლელო" მაჟორიტარობის ერთიან კანდიდატებთან დაკავშირებით ოპოზიციის მოლაპარაკებას "პრინციპში", ეთანხმება, თუმცა, დრო სჭირდებათ შიდაპარტიული მშენებლობისთვის. TV პირველის ეთერში ხაზარაძემ აღნიშნა, რომ "ლელო" არავისთან გაერთიანებას არ აპირებს და დამოუკიდებელი ძალაა, თუმცა, კოორდინაციაში იქნება ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან. ხაზარაძის თქმით, "ლელო" თავისი მოქმედების გეგმით წარსდგება, მაგრამ მისი ქმედება "ოცნების" წისქვილზე არ დაასხამს წყალს.

"არ გამოვკლებივართ არც მიტინგს, არც შეკრებას და არც ოპოზიციის მოთხოვნებს. რაც შეეხება ერთიან კანდიდატს, პრინციპში, ჩვენ ამას, ვეთანხმებით, მაგრამ ახლა ვართ პარტიული მშენებლობის პროცესში, ამ კვირაში კიდევ ორი ახალი ოფისი უნდა გავხსნათ და უახლოეს ორ თვეში გავხსნით 30 რეგიონალურ ოფისს. ჩვენ არ მივდივართ იმისკენ, რომ ვიღაცასთან გავერთიანდეთ, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ძალა, რომ ეს ორპოლუსიანობა დავამთავროთ, მაგრამ კოორდინაციაში ვიქნებით, ისეთი სქემა შევიმუშაოთ სხვა პარტიებთან ერთად, რომ ოპოზიციის გამარჯვება იყოს გარანტირებული" - ამბობს ხაზარაძე და განმარტავს, რომ როცა "ლელო" მზად იქნება, იტყვის.

"ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგია, გვეყოლება ჩვენი კანდიდატები, ძალიან ძლიერი მაჟორიტარი კანდიდატები, და შესაბამისად, ჩვენ ჩვენი მოქმედების გეგმით წარვდგებით, მაგრამ ეს არ იქნება ის, რომ ჩვენმა რაიმე მოქმედებამ ოცნების წისქვილზე დაასხას წყალი... დიდ სურათში ჩვენ არ ვაპირებთ ოპოზიციასთან ჭიდაობას, მაგრამ ვაპირებთ ჩვენი დამოუკიდებელი ლელოს დადებას" - ამბობს ხაზარაძე და აღნიშნავს, რომ პარტიას დრო სჭირდება.

"ხვალ რომ დავიწყოთ საუბარი ხაშურის მაჟორიტარ დეპუტატზე, როგორ გგონიათ, ვართ მზად? გვყავს ჩვენ კანდიდატი, რომ ხაშურზე ვისაუბროთ? ამიტომ, ჩვენ დრო გვჭირდება, რომ ჩვენი სერიოზული გუნდი გამოვიყვანოთ. ვიღაცა რომ მზად არის, ამის გამო ყველაფერზე თანხმობას ვერ ვიტყვით. აქ არც ვაჭრობაზეა ლაპარაკი და არც არაფერზე, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ალტერნატივა იმ ორი პოლუსისა, რომელიც ქვეყანაში არსებობს. მაგრამ ამავე დროს, ჩვენ ვართ ოპოზიციის მოლაპარაკებების მაგიდის გარშემო და ამ კონსულტაციებში ჩართული" - განაცხადა ხაზარაძემ.

ოპოზიციონერი ლიდერების 11 თებერვლის შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 4 აპრილს, 4 საათზე, რუსთაველის გამზირზე მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართება. იქამდე, ოპოზიციური პარტიები რეგიონებში მოსახლეობას შეხვდებიან, სახელმწიფო შენობების პიკეტირებას მოახდენენ და აქციებს გამართავენ. გარდა ამისა, ლიდერები მოლაპარაკებებს განაგრძობენ, მათ შორის, მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატების წარდგენის საკითხზე. ოპოზიცია მოქალაქეებს სწორედ 4 აპრილის აქციაზე გააცნობს სამოქმედო სტრატეგიასა და ტაქტიკას. ასევე 4 აპრილის მიტინგზე გაცხადდება, კონკრეტულად როგორ განაწილდებიან ოლქებში ოპოზიციის მაჟორიტარი კანდიდატები.

ჯერჯერობით, ოპოზიციურ გაერთიანებაში ერთადერთი პარტია, რომელსაც არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება, შეუერთდება თუ არა მაჟორიტარი კანდიდატების კონსოლიდირებულად დაყენების გეგმას, "ლელოა". ბადრი ჯაფარიძემ 11 თებერვლის შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ პარტია რამდენიმე თვის წინ დარეგისტრირდა და "ამ წუთას" თავისი გეგმით ვითარდება.

კომენტარები