ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

ქარტია: რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება მიზანმიმართულად უტევს კრიტიკულ არხს

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ანრი ოხანაშვილის მიერ ტვ პირველის ჟურნალისტის, თამარ ჩიხლაძის შეურაცხმყოფელად მოხსენიების ფაქტს გმობს და აცხადებს, რომ რჩება შთაბეჭდილება, რომ "ხორციელდება ხელისუფლების მიზანმიმართული შეტევა ხელისუფლებისადმი კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მატარებელი ტელევიზიის მიმართ".

"უნდა აღვნიშნოთ, რომ, რამდენიმე დღის წინ, ამავე თემაზე თამარ ჩიხლაძე აგრესიულად გააკრიტიკა საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა დავით მათიკაშვილმა. წამყვანმა მასაც მოუწოდა, რომ პრეტენზიები პროფესიულ ჭრილში, თვითრეგულირების ფორმატში განეხილათ და ეთიკის ქარტიისთვის მიემართათ.

მედიის მიმართ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების განგრძობითობა ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ხელისუფლება ებრძვის კრიტიკულ აზრს და საფრთხეს უქმნის ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიის თავისუფლად მუშაობას.

ქარტიის საბჭო მოუწოდებს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ჟურნალისტების მიმართ მსგავსი, აგრესიული ფორმით თავდასხმისგან და პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს შეახსენებს, რომ ნებისმიერი შესაძლო ჟურნალისტური შეცდომა უნდა განიხილებოდეს თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში", - აცხადებს ქარტია.

დღეს, 12 თებერვალს, ქართული ოცნების დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა ტვ პირველის ეთერში, დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში ჩართვისას ამავე არხის ჟურნალისტს, თამარ ჩიხლაძეს ამორალური და უზნეო უწოდა.

ანრი ოხანაშვილმა, რომელიც ეთერში მამუკა მდინარაძის დღევანდელ განცხადებასა და გიგი უგულავას დაკავებაზე სასაუბროდ მიიწვიეს, კითხვებზე პასუხს თავი აარიდა და საუბარი თამარ ჩიხლაძის კრიტიკით დაიწყო. ქართული ოცნების დეპუტატის უკმაყოფილება იმან გამოიწვია, რომ ჟურნალისტმა ეთერში ვახტანგ რობაქიძე მიიწვია, რომელმაც ანრი ოხანაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მაშინ, როცა ის ოჯახთან ერთად ვახშმობდა.

კომენტარები