ამბროლაურის მუნიციპალიტეტი

ამბროლაურმა ექვსას ნერგში 13 000 ლარი გადაიხადა, დარგვიდან 5 თვეში ხუთასამდე ნერგი გახმა

Shutterstock

არასამთავრობო ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორი" აუდიტის სამსახურის ანგარიშზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ ამბროლაურის მუნიციპალიტეტმა 2017 წელს 13 299 ლარად ექვსასი კვიპაროსის ნერგი შეისყიდა, მათი დარგვიდან 5 თვეში კი 492 ნერგი გახმა.

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, გამოდის რომ ამბროლაურის მუნიციპალიტეტმა 10 905 ლარი გამხმარ ნერგებში გადაიხადა.

"2017 წლის მაისში ამბროლაურის მუნიციპალიტეტმა  ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა ქ. ამბროლაურში ვაჟა-ფშაველას ქუჩის გამწვანების სამუშაოების შესყიდვაზე, შესყიდვების სავარაუდო ღირებულება 25,149 ლარი იყო, საბოლოოდ ხელშეკრულება დადიო შპს "ელიტ ბილდერ გრუპთან" და საბოლოო ღირებულებად განისაზღვრა 13,299 ლარი. აღნიშნული ხელშეკრულებით მიმწოდებელს უნდა დაერგო 600 ძირი კვიპაროსის ნერგი.

თავდაპირველად კომპანიას კვიპაროსის ნერგები 2017 წლის ივნისისთვის უნდა დაერგო, თუმცა მან ვალდებულება ჯეროვნად ვერ შეასრულა და მუნიციპალიტეტმა სამუშაოები 6 თვის დაგვიანებით, 2018 წლის 8 იანვარს ჩაიბარა.  

საბოლოოდ, სამუშოების დასრულებიდან 5 თვის თავზე 600-დან 492 ნერგი გახმა. 2019 წლის აპრილში მიმწოდებელმა გამხმარი ხეები ჩაანაცვლა, თუმცა აუდიტის სამსახურის ცნობით დარგული ხეების უმრავლესობა კვლავ გამხმარია.

2018 წლის მონაცემებით ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 11,000 ადამიანი ცხოვრობს, მათგან თითქმის ყოველი მეორე ადამიანი სოციალურად დაუცველია. 2018 წელს 4,019 ადამიანი საარსებო შემწეობას იღებდა, მათგან 1,868 ოჯახია. ამ პირობებში ამბროლაურის მერიამ 10,905 ლარი გამხმარ ნერგებში გადაიხადა. 

ცნობისთვის, იმავე წელს შშმ 0 დან 18 წლამდე ასაკის ბავშვების ერთჯერადი ფინანსური დახმარებისა და შშმ პირთა ზრუნვის ხელშეწყობის პროგრამისთვის ამბროლაურის მუნიციპალიტეტმა 12,000 ლარი დახარჯა, დაახლოებით იმდენი, რამდენიც გამხმარ ნერგებში.

თანხა, რომელიც ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიამ მხოლოდ გამხმარ კვიპაროსებზე დახარჯა, საკმარისი იქნებოდა ერთი წლის მანძილზე 15 ბავშვისათვის სოციალური დახმარების უზრუნველსაყოფად.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2019 წლის 29 ოქტომბერს ამბროლაურის მერმა, დავით მხეიძემ, ლიდერბეთის გათამაშებაში პორშეს მარკის ავტომობილი მოიგო, მას 48 ბილეთი ჰქონდა", - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია.

კომენტარები