აშშ-ავღანეთი

ტრამპი: თალიბანთან შეთანხმების კარგი შანსი არსებობს, ორ კვირაში გვეცოდინება

0 კომენტარი
დონალდ ტრამპი და აშრაფ ღანი ფოტო: Reuters

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მისი აზრით თალიბანთან მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმების მიღწევის კარგი შანსი არსებობს და ეს ცნობილი თებერვლის ბოლოს გახდება.

"ჩემი აზრით ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან და კარგი შანსი არსებობს იმის, რომ ამას მივაღწევთ. ეს მომდევნო ორ კვირაში გვეცოდინება." თქვა მან.

მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თქვა, რომ მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესი ჰქონდათ, ხოლო აშშ-ის თავდაცვის მდივანმა მარკ ესპერმა თქვა, რომ ამჟამად მხარეები ძალადობის 7-დღიან შემცირებას განიხილავენ, რაც აღიქმება როგორც ტესტი იმისა, შეუძლიათ თუ არა თალიბანის ლიდერებს საკუთარი მებრძოლების გაკონტროლება.

"ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ძალადობის მნიშვნელოვნად შემცირებას შევძლებთ არა მხოლოდ ქაღალდზე, არამედ რეალურადაც. თუ ამას შევძლებთ და ამ მდგომარეობას შევინარჩუნებთ, შეგვეძლება დავიწყოთ ნამდვილი დისკუსია, რომელშიც ყველა ავღანური მხარე მიიღებს მონაწილეობას." თქვა პომპეომ. ის ამჟამად უსაფრთხოების კონფერენციაზე მიუნხენში იმყოფება, სადაც ავღანეთის პრეიზდენტ აშრაფ ღანის შეხვდება.

თალიბანი დეკემბრიდან აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელთან ზალმაი ხალილზადთან კატარში აწარმოებს მოლაპარაკებებს და ღანის მთავრობასთან საუბარზე უარს ამბობს, რადგან მათ დასავლეთის მარიონეტებად მიიჩნევენ.

ავღანეთის ოფიციალური პირების თქმით მოლაპარაკებების მიმდინარეობის პარალელურად თალიბანის მხრიდან, რომელიც ავღანეთის ტერიტორიის 40%-ს აკონტროლებს, თავდასხმები არ წყდება.

გასული წლის სექტემბრის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ თალიბანთან მოლაპარაკებები მკვდარია.

მანამდე მხარეებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებისას თითქმის მიაღწიეს შეთანხმებას 18-წლიანი კონფლიქტის დასასრულებლად. ტრამპმა ისიც თქვა, რომ ავღანეთის პრეზიდენტის, აშრაფ ღანის და თალიბანის ლიდერების მიწვევას აპირებდა კემპ დევიდში 8 სექტემბერს შეთანხმების ხელმოსაწერად.

მაშინდელი შეთანხმების თანახმადა, აშშ-ის სამხედრო ძალები ავღანეთის 5 სამხედრო ბაზას ხელმოწერიდან 135 დღის მანძილზე დატოვებდნენ. შეთანხმების ფარგლებში თალიბანი უარყოფდა ალ-ქაიდას და დათანხმდებოდა ცეცხლის შეწყვეტას.

თუმცა, 6 სექტემბერს ქაბულში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, რომელზე პასუხისმგებლობაც თალიბანმა აიღო და რომელსაც 12 ჯარისკაცი, მათ შორის ერთი ამერიკელი ემსხვერპლა, ტრამპმა მოლაპარაკებები დასრულებულად გამოაცხადა და თქვა, რომ ჯგუფს მოლაპარაკებების საწარმოებელი ძალა არ აქვს, თუ ამ პერიოდში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვასაც ვერ ახერხებენ.

ნოემბერში ავღანეთში ამერიკელ სამხედროებთან დონალდ ტრამპის ვიზიტის შემდეგ კი თალიბანის სპიკერმა ზაბიულაჰ მუჯაჰიდმა თქვა, რომ მზად იყვნენ აშშ-სთან მოლაპარაკებების გასაგრძელებლად.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები