უგულავას საქმე

ხვიჩია: უგულავა ციხეში არ უნდა იჯდეს, არ იმსახურებს და ეს პოლიტიკურ სიტუაციას ძაბავს

0 კომენტარი
ფოტო: იაგო ხვიჩია

"მთავარია, ჩვენ პოლიტიკურად შევთანხმდეთ იმაზე, რომ გიგი უგულავა არ უნდა იჯდეს ციხეში და ამის გზები მოიძებნება," - გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია ტვ პირველის ეთერში მისი და არჩილ თალაკვაძის შეხვედრისა და ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებების შესახებ საუბრობს.

ხვიჩია ამბობს, რომ როცა მოლაპარაკებების დროს ადამიანს იჭერენ, შემდეგ ამ მოლაპარაკებას პერსპექტივა არ აქვს, თუმცა აზრი აქვს იმაზე საუბარს, თუ როგორ შეიძლება აღდგეს ეს მოლაპარაკებები და რა უნდა გაკეთდეს ამისთვის. მისივე თქმით, ლაპარაკს ალტერნატივა არ აქვს, თუმცა, მონაწილე მხარეებს უნდა ესმოდეთ რაზე საუბრობენ. 

"მე ვიცი რომ ის ადამიანი ციხეში არ უნდა იჯდეს და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ის ადამიანი ციხეში არ იჯდეს. ჯერ ერთი არ უნდა იჯდეს იმიტომ, რომ არ იმსახურებს და მეორე საკითხი არის, რომ ეს ქვეყანაში პოლიტიკურ სიტუაციას კიდევ უფრო ძაბავს. მე მართლა მჯერა, რომ ჩვენ რა პრობლემაც გვაქვს ამ წუთას ქვეყანაში არის, არ ლაპარაკის პრობლემა. დაძაბულობას იწვევს ის, როდესაც ადამიანები ერთმანეთთან არ ლაპარაკობენ," - ამბობს ხვიჩია.

იაგო ხვიჩიას თქმით, ხელისუფლებამ უნდა დაარწმუნოს ოპოზიცია, რომ ნამდვილად სურს მოლაპარაკებების აღდგენა. ამისთვის კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას, კერძოდ, გამოუშვას ხალხი, ვინც უკანონოდ ზის ციხეში და ასევე შეასრულოს პირობასაარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ან დაანახოს ოპოზიციას, რომ იგივე ან მიახლოებული შედეგების მისაღწევად სხვანაირ მეთოდებს მიმართავს.

გიგი უგულავას დაკავების შემდეგ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები, რომლებსაც დიპლომატიური კორპუსიც ესწრებოდა, შეწყდება.

მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი მიმდინარე თვის ბოლოს უნდა გამართულიყო. ბოლო რაუნდზე ოცნების შემოთავაზება მანდატების 100/50-ზე პრინციპით გადანაწილება იყო, რასაც ოპოზიცია არ დაეთანხმა და მე-5 რაუნდზე საპარლამენტო მანდატების შემდეგნაირად გადანაწილება უნდა შეეთავაზებინა - 135 მანდატი პროპორციული წესით, 15 - მაჟორიტარულით, ან 130 პროპორციულით, 20 - მაჟორიტარულით, თუმცა უგულავას დაკავების გადაწყვეტილებამ მოლაპარაკებები ჩაშალა. 

მოლაპარაკებები დასავლელი პარტნიორების ინიციატივით და მონაწილეობით მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართულმა ოცნებამ დანაპირები არ შეასრულა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების კანონპროექტი ჩააგდო რასაც მწვავე საპროტესტო აქციები მოჰყვა.

გიგი უგულავას 10 თებერვალს უზენაესმა სასამართლომ დამატებით 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა საქმისთვის, რომელზეც სასჯელი მან ერთხელ უკვე მოიხადა -პროკურატურა უგულავას მისი მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები