იზორიას ელჩად დანიშვნა

მდინარაძე იზორიაზე: რაღაც თემები როცა აუწიეს, უკვე გაგზავნილი იყო დოკუმენტი მის ელჩობაზე

პარლამენტი

ქართული ოცნების დეპუტატი მამუკა მდინარაძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას, გერმანიაში ელჩად დანიშვნას ეხმაურება და ამბობს, რომ მას აქვს გამოცდილება და ქვეყანას "გამოადგება წარმომადგენლად და ელჩად". 

იზორიას გერმანიაში ელჩად დანიშვნამდე ცოტა ხნით ადრე მასთან და მის ძმასთან დაკავშირებული ვიდეო-კადრები გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე მყოფმა იზორიამ სამართალდამცველები აიძულა, მისი ძმისთვის, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე დააკავეს, ბოდიში მოეხადათ და გაეთავისუფლებინათ.

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ იზორიას ელჩად დანიშვნა ამ კადრების გავრცელებამდე განიხილებოდა და კადრებს "ნეგატიურ PR კამპანიას" უწოდებს. 

"როდესაც ეს რაღაც თემები აუწიეს იზორიას, მაშინ უკვე გაგზავნილი იყო შესაბამისი დოკუმენტაცია და დიდი ხნით ადრე იყო ამაზე მსჯელობა დაწყებული,"- ამბობს მამუკა მდინარაძე. 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლევან იზორია გერმანიაში საქართველოს ელჩად დაინიშნა 20 თებერვალს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად გაავრცელა. სამინისტროს განცხადებამდე 27 იანვარს იზორიამ ერთერთი ტელეკომპანიის ეთერში თავად თქვა, რომ ის დაზვერვის სამსახურის უფროსის პოსტს ტოვებდა და ელჩად ინიშნებოდა. 

კომენტარები