რუსეთის დელეგაცია საქართველოში

ბოკერია: რუსეთიდან მსხვილი პოლიტიკური ფიგურის ჩამოსვლა ქვეყნის ინტერესებისთვის საზიანოა

ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ რუსეთიდან ნებისმიერი მსხვილი პოლიტიკური ფიგურის ჩამოსვლა ქვეყნის ინტერესებისთვის საზიანოა.

ბოკერია ამბობს, რომ ეს შექმნის განცდას, რომ საქართველოში ყველაფერი ნორმალურად არის და დრამატული ვითარება არ გვაქვს, მაშინ როცა ეს ასე არაა.

საქმე ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომას ეხება, რომელიც 14-15 მაისს თბილისში უნდა გაიმართოს და რომელსაც, შესაძლოა, რუსეთის დელეგაციაც დაესწროს.

"ერთი არის ფორმალურად კანონის დარღვევის საკითხი, მეორე არის პოლიტიკური საკითხი. ნებისმიერი მსხვილი პოლიტიკური ფიგურის ჩამოსვლა კიდევ უფრო საზიანოა ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის, იმიტომ რომ ქმნის განცდას, რომ ყველაფერი ნორმალურად არის. მტერსაც უნდა ესაუბრო, დიალოგი აუცილებელია იმისთვის, რომ შედეგს მიაღწიო, ოღონდ ეს ხომ ის დიალოგი არ არის, ეს არის საერთაშორისო ფორმატში ჩამოსვლა - რუტინულად ჩამოვიდა მაღალი დონის სტუმარი და მიიღეს, ვითომ დრამატული ვითარება არ გვაქვს, არადა გვაქვს - საოკუპაციო ხაზს სწევენ, ახალგორში ჰუმანიტარული კრიზისია, ჩვენს მოქალაქეებს კლავენ და იტაცებენ და არც ერთ საერთაშორისო ინსტრუმენტზე არ რეაგირებენ, მათ შორის იმიტომ, რომ ხელისუფლება ეფექტურად არ იყენებს. ამ ვითარებაში მსხვილი პოლიტიკური ფიგურის - გინდ მინისტრი იყოს, გინდ ვინმე სხვა, ჩვეულებრივად ჩამოსვლა არის ჩვენი ქვეყნის პრაგმატული ინტერესების საწინააღმდეგო", -თქვა ბოკერიამ.

13 თებერვალს რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა, გრეგორი კარასინმა თქვა, რომ რუსეთის დელეგაცია თბილისში დაგეგმილ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს. მისივე თქმით, ამ ეტაპზე უცნობია, ვინ გაემგზავრება თბილისში რუსეთის მხრიდან, თუმცა, შესაძლოა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი დელეგაციაში არ იყოს.

ოკუპირებული ტერიტორების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე არ დაიშვებიან ადამიანები, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფებოდნენ, მაგრამ არა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიების გავლით.

"უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან;

ბ) ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) – გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან.

2. ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით".

28 იანვარს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ საქართველო "გვერდს აუვლის თავის კანონმდებლობას" და მაისში ევროსაბჭოს ასამბლეისათვის რუს დელეგატებს ქვეყანაში დაუშვებს, მიუხედავად იმისა, ნამყოფები არიან თუ არა ისინი უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

თუმცა, ოკუპაციის კანონის დამრღვევი პირების ქვეყანაში შემოშვება და მათ მიმართ სამართლებრივი დევნის არდაწყება, ერთი მხრივ, მთავრობის, მეორე მხრივ კი - პროკურატურის დისკრეციაა, მაგრამ ამავდროულად, მთავრობაც და პროკურატურაც ვალდებულია, დაასაბუთოს საჯარო ინტერესის არსებობა.

28 იანვარს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ საქართველო "გვერდს აუვლის თავის კანონმდებლობას" და მაისში ევროსაბჭოს ასამბლეისათვის რუს დელეგატებს ქვეყანაში დაუშვებს, მიუხედავად იმისა, ნამყოფები არიან თუ არა ისინი უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

კომენტარები