კორონავირუსი

გამყრელიძე: შეიქმნა საბჭო, ირანიდან კორონავირუსის გავრცელების პრევენციაზე ვიმსჯელებთ

ამირან გამყრელიძე
NCDC

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ირანში კორონავირუსის გავრცელების გამო საქართველოში შეიქმნა საბჭო, რომელიც ირანიდან ვირუსის გავრცელების პრევენციაზე იმსჯელებს:

"ირანი ჩვენი მეზობელი ქვეყანაა და მასთან ინტესნიური ტურისტული თუ ბიზნეს ურთიერთობა გვაქვს. იქ ეპიდსიტუაცია უარესდება. ამიტომ შესაბამისი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით და პრემიერ-მინისტრის განკარგულებით არის შექმნილი, გუშინ და დღეს შესაბამის ღონისძიებებზე მსჯელობს, რა უნდა გავატაროთ ჩვენ, საქართველომ, პრევენცია გავუწიოთ უკვე ირანიდან გავრცელებას.

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით, ირანში ეპიდსიტუაციის გაუარესება მისი მეზობელი ქვეყნებისთვის სერიოზული პრობლემაა მისი მეზობელი ქვეყნებისთვის, არა მხოლოდ საქართველოსთვის. ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და შესაბამისად, საქართველოშიც იქნება გადაწყვეტილებები მიღებული."

მან ასევე თქვა, რომ ირანის მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფებიან კორონავირუსი არ დაუდგინდათ:

"ირანიდან ჩამოსული 3 მოქალაქეა, ერთი ოჯახის წევრები, ჩაუტარდათ კლინიკური კვლევები, დილას აიღეს ნაცხები კორონავირუსულ ინფექციაზე და ასევე მოლეკულური კვლევები სხვადასხვა რესპირაციულ ვირუსებზე. ნახევარი საათის წინ დამთავრდა ეს კვლევები. უარყოფითია კორონავირუსულ ინფექციაზე. არის დადებითი მსუბუქად ადენოვირუსულ და რინოვირუსულ ინფექციებზე ანუ რესპირაციულ ვირუსებზე. ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელობა მიიღებს გადაწყვეტილებას მათი შემდგომი კლინიკური მართვის შესახებ." თქვა მან ჟურნალისტებთან.

3 ირანელი მოქალაქიდან ორს, არასრულწლოვნებს, მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდათ. ამირან გამყრელიძის თქმით ვინაიდან ირანში კორონავირუსის გავრცელების მხრივ სიტუაცია უარესდება, მათ შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდათ. ბოლო დღეების მანძილზე ირანში კორონავირული ინფექციით ოფიციალური ინფორმაციით 2 და არაოფიციალური ინფორმაციით 5 პირი გარდაიცვალა.

დღევანდელი ინფორმაციით ახალი კორონავირუსით დაავადების 77 662 შემთხვევა არის გამოვლენილი, აქედან 76 291 კონტინენტურ ჩინეთში. ვირუსს 2 360 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 11 ჩინეთის საზღვრებს გარეთ. 

ჩინეთის საზღვრებს გარეთ 26 ქვეყანაში დადასტურდა ვირუსით დაავადება. 

ახალი კორონავირუსით დაავადებულთაგან 21 0 29 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

ახალი ვირუსის სახელია 2019-nCoV. ცნობილია, რომ ის კორონავირუსის ოჯახთა ჯგუფს მიეკუთვნება. ახალი კორონავირუსის ჩათვლით ამჟამად 7 ტიპის კორონავირუსი არსებობს, რომლებსაც ადამიანის დაავადება შეუძლიათ. აქედან ალფა და ბეტა ტიპის კორონავირუსები ყველაზე გავრცელებულია.

20 იანვარს ჩინეთში განაცხადეს, რომ ახალი ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე ჰაერწვეთოვანი გზით გადადის.

26 იანვარს ჩინეთის ეროვნული კომისიის მინისტრმა მა სიაოვეიმ განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელება ინკუბაციის პერიოდშიც შესაძლებელია, რომელიც 1-დან 14 დღემდე გრძელდება. ეს იმას ნიშნავს, რომ დაავადებულ ადამიანს შესაძლოა სიმპტომები არ აღენიშნებოდეს, თუმცა ვირუსის გადამდები იყოს. ჰუბეის პროვინციის წარმომადგენლების თქმით არსებობს ეჭვი, რომ შესაძლოა ინკუბაციის პერიოდი 14 დღეზე მეტიც იყოს.

ახალი კორონავირუსისთვის თავდაცვითი ვაქცინა ჯერჯერობით არ არსებობს და მისი მართვა სიმპტომურია.

30 იანვარს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

არაერთმა ქვეყანამ ჩინეთში პირდაპირი ფრენები შეაჩერა, მათ შორისაა საქართველო. ასევე ქვეყებმა ვირუსის ეპიცენტრიდან, ქალაქ ვუხანიდან თავიანთი მოქალაქეების ნაწილის ევაკუაცია მოახდინეს.

საქართველოში ჩინეთიდან დაბრუნდა 34 მოქალაქე, რომელბიც ამჟამად კარანტინში საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში იმყოფებიან. ამ დროისათვის კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნებათ.

კომენტარები