კაპანაძე: ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში მიღების შემდეგ არცერთი ადამიანი არ შეუყვანიათ

პირველი არხი

ევროპული საქართველოს წევრის სერგი კაპანაძის თქმით, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას მიღების შემდეგ არცერთი ადამიანის სახელი და გვარი არ დამატებია. მათ შორის არ დამატებია ის ადამიანებიც კი, ვისი ვინაობაც უკვე ცნობილია. 

სერგი კაპანაძე ჟურნალისტებს იმ ადამიანების სიას აჩვენებს, ვისი ვინაობაც ცნობილია და წესით ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში უნდა იყვნენ შეყვანილი.

ახრა ქაჯაია - საგუშაგოს უფროსი ნაბაკევში

დენის მედვედევი - ხელმძღვანელობდა რუსულ სამხედრო ბაზას ნაბაკევში.

აფხაზეთის ე.წ მებაჟეები: ალხას ცვეიბა, ბესიკ კუტოღლი, არკადი კვეკვესკირი და სერგეი კორტენკო.

დენის შეიკო - რუსების ბაზის უფროსის მოადგილე, რომელმაც ჩაისვა ოთხოზოროას მკვლელი კანჯი ოღლი მანქანაში და გაიყვანა გალში.

"ეს ადამიანები ცნობილია, კადრებში ჩანს, ბევრჯერ გვისაუბრია ამაზე პრემიერმინისტრთან, ყოფილ პრემიერმინისტრთან. იყო დაპირებები, რომ გამოიძიებდნენ, მაგრამ არც ერთი არ არის დამატებული სიაში," - ამბობს კაპანაძე.

​კაპანაძის თქმითვე, ხელისუფლება არც იმ მიმართულებით ფიქრობს, რომ მკვლელობაში და წამებაში მონაწილე პირების გარდა, ის პირებიც შეიყვანოს სიაში, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან მასთან ახლოს, საქართველოს მოქალაქეების დაკავებაში მონაწილეობენ. 

"ეს არის პირდაპირ გამოვლინება იმისა, რომ ეს სია მაშინ მიიღეს საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად, ოპოზიციის ზეწოლის შედეგად და არა იმიტომ, რომ უნდოდათ რომ სია ყოფილიყო ეფექტური ინსტრუმენტი, რომ მომავალში აღარ განმეორებულიყო მსგავსი დანაშაულები," - ამბობს სერგი კაპანაძე.

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია არის დოკუმენტი, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენელთა ან/და მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების მაცხოვრებელთა მიერ, საქართველოს მოქალაქეთა გატაცებაში, მათთვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, წამებასა და სიცოცხლის მოსპობაში ეჭვმიტანილი და მსჯავრდებული, აღნიშნული დანაშაულების ხელშემწყობი და დანაშაულების დაფარვაში შემჩნეული პირების შესახებ. 

სიის შექმნა ევროპული საქართვლოს ინიციატივა იყო. სია მას შემდეგ შეიქმნა, რაც ახალგორიდან დევნილი, სოფელ წილკანში მცხოვრები არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს გაიტაცეს და წამებით მოკლეს.

კომენტარები