კორონავირუსი

რკინიგზა მატარებლის გაჩერებაზე: ჩინეთის მოქალაქეები იყვნენ, ვირუსის რაღაც რისკი არსებობდა

მთავარი არხი

საქართველოს რკინიგზის მგზავრთა გადაყვანის ფილიალის დირექტორის, დაჩი ცაგურიას თქმით, თბილისი-ბათუმის მატარებელი გაჩერდა, რადგან "მგზავრებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ორ მგზავრს რაღაც ვირუსული სიმპტომები აღენიშნებოდა".

როგორც ცაგურია ტაბულასთან საუბარში ამბობს, იქიდან გამომდინარე, რომ მგზავრები ჩინეთის მოქალაქეები იყვნენ და "რაღაც გარკვეული რისკი არსებობდა იმ ვირუსის, რომელიც გავრცელებულია", ამიტომ გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო სამსახური, გასინჯეს პაციენტი და გადაიყვანეს შესაბამის გამოკვლევებზე. მისივე თქმით, სხვა მგზავრები ახალი მატარებლით გაამგზავრეს. 

"ჩინეთის მოქალაქეები იყვნენ მგზავრები. აღენიშნებოდათ ვირუსის გარკვეული ნიშნები, რა ვირუსი იყო, ამაზე ვერ გეტყვით. გამოკვლევის მერე გვეცოდინება. ჩინეთის მოქალაქეები შენიშნეს მგზავრებმა, რომლებსაც გარკვეული ვირუსული ნიშნები აღენიშნებოდათ, ამიტომ გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ექიმებმა გასინჯეს ეს მგზავრი, დანარჩენი მგზავრები გავუშვით მატარებლით"- ამბობს ცაგურია ტაბულასთან. 

მგზავრების მდგომარეობის გასაგებად, ტაბულა სასწრაფო დახმარების ცენტრს დაუკავშირდა, სადაც ამბობენ, რომ არცერთ პაციენტს, პირველადი შემოწმებით კორონავირუსის სიმპტომები არ აღმოაჩნდათ და ისინი რისკჯგუფში არ არიან. 

მომხდარს გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე და აღნიშნა რომ "ქსენოფობიის პროპაგანდისტმა მედიამ ჩინეთის მოქალაქეები ბულინგის მსხვერპლად აქცია". 

"ჩინეთის მოქალაქეები, რომლებიც 5 კვირაა, გამოსულები არიან და არავითარ რისკს არ ქმნიდნენ, სამარცხვინო და ქსენოფობიის პროპაგანტისტმა მედიამ ბულინგის მსხვერპლად აქცია" - წერს პაატა იმნაძე Facebook-ზე. 

ახალი კორონავირუსი ჩინეთში, ქალაქ ვუხანში თავდაპირველად გასული წლის დეკემბრის დასაწყისში შენიშნეს. 7 იანვარს ახალი ვირუსის აღმოჩენა დადასტურდა. ვირუსმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩინეთის მოქალაქეები მიმართ ქსენოფობიური განწყობები გააძლიერა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ კორონავირუსის გამო, სტიგმა და დისკრიმინაცია საქართველოშიც გაჩნდა. ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე კი ჟურნალისტებს სთხოვს, ნუ უწოდებენ კორონავირუსს სასიკვდილო და მკვლელ ვირუსს. მან მედიას მოუწოდა, მოსახლეობას სწორი ინფორმაცია მიაწოდონ. მისივე თქმით, უმრავლეს შემთხვევაში, კორონავირუსით დაავადებული ადამიანები სრულად ჯანმრთელდებიან.

24 თებერვლის მონაცემებით, მსოფლიოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 77 150 შემთხვევა. გარდაიცვალა 2592 და გამოჯანმრთელდა 24 734 ადამიანი. ჩინეთის საზღვრებს გარეთ ახალი კორონავირუსით ყველაზე მეტი - 12 ადამიანი - ირანში გარდაიცვალა.

კომენტარები