ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა

"ჩაკეტილები იყვნენ ბინაში, ნაშიმშილები, მძიმე პირობებში" - გლდანში ბინიდან 18 ძაღლი გამოიყვანეს

0 კომენტარი
ფოტო: arynews.tv

გლდანის მე-7 მიკრორაიონში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში მძიმე მდგომარეობაში მყოფი 14 ძაღლი და 4 ლეკვი იპოვეს, რომლებიც სავარაუდო მეპატრონეს ჩაკეტილი ჰყავდა.

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში ტაბულას უთხრეს, რომ მათი ეკიპაჟი ადგილზე მოქალაქეების გამოძახების შემდეგ მივიდა, რადგან ადგილობრივებს გარკვეული დროის განმავლობაში ჩაკეტილი სახლიდან ძაღლების ხმა ესმოდათ.

უწყების განმარტებით, დაკეტილ ბინაში შესვლა ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის გამოძახების შემდეგ შეძლეს, ადგილზე კი მძიმე მდგომარეობაში მყოფი ძაღლები დახვდნენ.

"ნახეს, რომ სიტუაცია იყო უმძიმესი. 14 ძაღლი და 4 ლეკვი იყო გამომწყვდეული ერთ პატარა საცხოვრებელ ბინაში, ურთულეს პირობებში, როგორც ჩანს, ძალიან დიდი ხნის ნაშიმშილები, თავიანთ ფეკალიებში, ძალიან გამხდრები, ურთულეს მდგომარეობაში", - ამბობენ უწყების პრესსამსახურში.

მათივე ინფორმაციით, ყველა ძაღლი თავშესაფარში გადაიყვანეს და ყველა მათგანმა მიიღო როგორც საკვები, ასევე, წყალი. უწყებაში ამბობენ, რომ მათ გაუკეთეს სისხლის ანალიზები, რომელთა პასუხები დღის განმავლობაში იქნება. ამასთან, მათივე ცნობით, რამდენიმეს შესაძლოა ჰქონდეს სხვადასხვა დაავადება, ამიტომ, რადგან ერთ სივრცეში იყვნენ, ყველას გაუკეთდება ტესტი და დაენიშნება შესაბამისი მკურნალობა.

რაც შეეხება ძაღლების პატრონს, ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, 8 ძაღლი არის ჩიპიანი და შვიდის იდენტიფიცირება უკვე მოხერხდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ოფიციალურად ჰყავთ პატრონი. ამასთან, უწყებაში ტაბულას უთხრეს, რომ ყველა მათგანს ერთი და იგივე პატრონი ჰყავს, თუმცა მასთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

საქმეზე გამოძიება დაიწყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყება საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით იძიებს, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები