კორონავირუსი

ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი აღმოაჩნდა

ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, ირაჯ ჰარირჩის კორონავირუსი აღმოაჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ Middle East Eye ავრცელებს. 

სწორედ, ირაჯ ჰარირჩი მართავდა ბრიფინგებს მას შემდეგ, რაც ქვეყანაში დაავადების პირველი შემთხვევები დადასტურდა. ირაჯ ჰარირჩიმ კორონავირუსის ტესტი გუშინ, 24 თებერვალს გაიარა. 

ჰარირჩის ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ცნობილი გახდა, რომ დაავადებას ირანში კიდევ სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 80 ათას აღემატება. დაავადებას ემსხვერპლა 2,600 ადამიანი. დაავადების შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა ჩინეთზე მოდის - აქ კორონავირუსით 77,658 ადამიანი დაავადდა. 

ჩინეთის გარდა, დაავადების შემთხვევები დადასტურდა კიდევ 32 ქვეყანაში. დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, წინა დღეებში საქართველოს ხელისუფლებამ ირანთან ავიამიმოსვლა აკრძალა. 

ირანთან საზღვარი ჩაკეტა, თურქეთმა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა.

კომენტარები