პროკურატურა

შოთაძე: სტაჟიორებს, გამომძიებლებს, პროკურორებსა და მენეჯერებს ხელფასი 500 ლარით გაეზრდებათ

საქართველოს პროკურატურა

გენერალური პროკურორის პოსტზე დაბრუნებული ყოფილი გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის, გადაწყვეტილებით, პროკურატურის სტაჟიორებს, გამომძიებლებს, პროკურორებსა და საშუალო რგოლის მენეჯერებს ხელფასი 500 ლარით გაეზრდებათ. 

ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს და წერს, რომ შოთაძემ პროკურატურის თანამშრომლებთან გამართუულ შეხვედრაზე უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. 

"ირაკლი შოთაძის თქმით, პროკურატურის თანამშრომელთა სოციალური უზრუნველყოფის გარანტიების გაუმჯობესება მომავალშიც გაგრძელდება, ვინაიდან საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, ევროსაბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, პროკურატურის თანამშრომლების მყარი სოციალური დაცვის გარანტიები პროკურორთა დამოუკიდებლობის გაძლიერებას, ინსტიტუციის განვითარებას და უწყების ეფექტიან საქმიანობას განაპირობებს,"- წერია პროკურატურის მიერ გვარცელებულ განცხადებაში. 

18 თებერვალს ირაკლი შოთაძე გენერალურ პროკურორად მეორედ აირჩიეს და ის ამ თანამდებობას 6 წლის ვადით დაიკავებს.

ირაკლი შოთაძე საქართველოს გენერალური პროკურორის პოსტს 2015 წლიდან 2018 წლის მაისამდე იკავებდა. გენერალური პროკურორობის კანდიდატი ამ თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის გამო აქციები დაიწყო, რადგან სასამართლომ დაადგინა, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით, დავით სარალიძის მკვლელი არ იკვეთებოდა. მოგვიანებით ხორავას ქუჩის საქმის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამაც პროკურატურის მთელი რიგი დარღვევები გამოავლინა.

გენერალური პროკურორის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც შალვა თადუმაძე 12 დეკემბერს უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლედ დაინიშნა.

კომენტარები