არჩევნები 2020

ელისაშვილი საარჩევნო სისტემაზე: როგორც ვატყობ, ხელისუფლებას დათმობაზე წასვლა მოუწევს

droa.ge

პარტია "სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ მისი დასკვნით, ხელისუფლებას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დათმობაზე წასვლა მოუწევს.

"რაღაც უნდა შეიცვალოს, ხელისუფლებამ უნდა დათმოს. და ვხედავთ, რომ ხელისუფლება უკან იხევს. გვახსოვს, 1 თვის წინ კალაძე თითს გვიქნევდა და პროპორციულის თემა დახურულიაო ამბობდა. არაფერი დახურული არ არის, სულ რამდენიმე დღე რჩება იმისთვის, რომ კონსტიტუციურ ვადებში ჩაეტიოს ხელისუფლების მხრიდან ინიციატივა. დაველოდოთ, მე როგორც ამ პროცესებს ვატყობ და რა ინფორმაციაც მაქვს, ხელისუფლებას სერიოზულ დათმობაზე წასვლა მოუწევს", - თქვა მან.

საქმე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ეხება.

გიგი უგულავას დაკავების შემდეგ ოპოზიციამ ხელისუფლებასთან დიალოგის გაგრძელებაზე უარი განაცხადა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ მმართველმა გუნდმა პოლიტიკური ლიდერის დაპატიმრებით მოლაპარაკების რესურსი ამოწურა.

თუმცა, უგულავას განაჩენის გამოცხადებამდე, დღის განმავლობაში ოპოზიცია ხელისუფლებისთვის შესათავაზებელ ვარიანტს განიხილავდა. ისინი ვარაუდობდნენ, რომ მმართველ გუნდს მანდატების ასე განაწილებას შესთავაზებდნენ - 130 მანდატი პროპორციული წესით, 20 მანდატი - მაჟორიტარულით.

ოპოზიცია აცხადებს, რომ უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად პარტიას უნდა სჭირდებოდეს 40%-ზე "არსებითად მაღალი" მხარდაჭერის მიღება და მაჟორიტარების უმრავლესობის მოგება, ეს კი მანდატების 100/50-ზე განაწილებით ვერ მიიღწევა, რადგან არსებული მოდელისგან არსებითად არ განსხვავდება.

ამასთან, ოპოზიციას აქვს გეგმა B, რაც იმას გულისხმობს, რომ თუ არსებული საარჩევნო სისტემა შენარჩუნდება -77 მანდატი პროპორციული სიით, 73 - მაჟორიტარულით, ოლქებში საერთო კანდიდატებს კოორდინირებულად შეარჩევენ და გადანაწილდებიან.

კომენტარები