ევროსაბჭოს მინისტერიალი

ზალკალიანი მინისტერიალზე: შიდა თუ გარე ძალას დესტაბილიზაციის საშუალება არ უნდა მიეცეს

დავით ზალკალიანი
საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამბობს, რომ ქართულმა მხარემ ევროსაბჭოს მინისტერიალის ჩატარების ადგილის შეცვლის საკითხთან დაკავშირებით სრულ თანხვედრაში იმოქმედა ორგანიზაციის წესდების, ქართული კანონმდებლობისა და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით. 

"არ უნდა მიეცეს არცერთ ძალას იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში მოახდინოს დესტაბილიზაცია, ესკალაცია, ამ საკითხის გამოყენება სხვადასხვა პოლიტიკური ინტერესისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები, ყოველდღიური გამოწვევები ამიტომ, მსგავსი სახის მოვლენების განვითარება იყო ყოვლად მიუღებელი,"- თქვა ზალკალიანი. 

ტაბულამ მინისტრს ჰკითხა, კონკრეტულად რა იყო ქართული მხარის მიერ მინისტერიალის სხვაგან ჩატარების მოთხოვნა, ქართული კანონმდებლობა ოკუპაციის შესახებ, თუ საპროტესტო აქციების შიში, რაზეც ზალკალიანმა გვიპასუხა, რომ ის საუბრობდა როგორც შიდა ძალებზე, ისე - გარე. 

"როდესაც დესტაბილიზაციაზე მაქვს საუბარი, აქ არ არის მხოლოდ შიდა ძალებზე, საუბარია გარე ძალებზეც. ნებისმიერს შეუძლია, როდესაც მსგავსი დაძაბულობა და პოლარიზაცია არსებობს ქვეყანაში, რომ ნებისმიერი საკითხი გამოიყენოს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ, ქვეყანა, სახელმწიფო, მთავრობა, რომელიც მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ თემას და იმ გამოწვევების ფონზე, რაც ჩვენ გვაქვს, ამიტომ მივიღეთ ამ ჩვენი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ვალდებულებები და ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილებები,"- თქვა ზალკალიანმა. 

მაისში დაგეგმილი ევროსაბჭოს მინისტერიალი თბილისის ნაცვლად სტრასბუგრში ჩატარდება. საქართველოს ამ ღონისძიებისთვის, როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას, ისე უნდა ემასპინძლა, თუმცა იმ ფაქტმა, რომ რუსეთის დელეგაციის ეგიდით საქართველოში, შესაძლოა, ის პირები ჩამოსულიყვნენ, რომლებსაც ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული აქვთ, საზოგადოების პროტესტი გამოიწვია. 

28 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, თქვა, რომ საქართველო "გვერდს აუვლის თავის კანონმდებლობას" და მაისში ევროსაბჭოს ასამბლეაზე რუს დელეგატებს ქვეყანაში დაუშვებს.

თუმცა, ოკუპაციის კანონის დამრღვევი პირების ქვეყანაში შემოშვება და მათ მიმართ სამართლებრივი დევნის არდაწყება, ერთი მხრივ, მთავრობის, მეორე მხრივ კი - პროკურატურის დისკრეციაა, მაგრამ ამავდროულად, მთავრობაც და პროკურატურაც ვალდებულია, დაასაბუთოს საჯარო ინტერესის არსებობა.

კომენტარები