კორონავირუსი

რეკომენდაციები კორონავირუსის წინააღმდეგ - ხელების ხშირი დაბანა, გადაკოცნისგან თავშეკავება

0 კომენტარი
ფოტო: ahchealthenews.com

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე საუბრობს მარტივ რეკომენდაციებზე, რომლებიც, მისი თქმით, ხშირად ძალიან კარგ შედეგს იძლევა. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

გთავაზობთ რეკომენდაციებს:

  • თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, თავი ავარიდოთ მოგზაურობას, განსაკუთრებით დასენიანებულ ქვეყნებში, მაღალ დასენიანებულ ქვეყნებში. პირველ რიგში, ეს არის ჩინეთი, ირანი, იტალია და განსაკუთრებით მისი ჩრდილოეთი ნაწილი, სინგაპური, სამხრეთ კორეა და ის ქვეყნები, სადაც ათეულ შემთხვევებზე მეტი გამოვლინდა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განიხილავს მაღალი რისკის ქვეყნებად. ხაზს ვუსვამ, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არ კრძალავს მოგზაურობას დღეს, მაგრამ სასურველია ეს არ მოხდეს, თუ აუცილებელი არ არის. თუ არის აუცილებლობა, უნდა დავემორჩილოთ არსებულ წესებს.
  • ძალიან მნიშვნელოვანია ამ პერიოდში, როგორც ნებისმიერი რესპირაციული ინფექციების სეზონის დროს, პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვა. პირადი ჰიგიენას გულისხმობს, რაც შეიძლება ხშირად ხელების დაბანას, განიავებას, სველი წესით დალაგებას და ა.შ. საზოგადოებრივი ნიშნავს იმას, რომ თავშეყრის ადგილებში გვქონდეს ხელის სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავების საშუალება. დიდი მნიშვნელობა აქვს ამ პერიოდში დიდი საჯარო თუ არასაჯარო დაწესებულებების დეზინფექციებს, სველი წესით დალაგებას, ხშირად დალაგებას. ანუ სუფთად რომ ვიყოთ, უბრალო ენაზე რომ ვთქვათ.
  • მთავარი რეკომენდაცია ასევე, რომ თუ ჩვენ ვიმოგზაურეთ რომელიმე ქვეყანაში, სადაც მეტად არის გავრცელებული კორონავირუსი, განსაკუთრებით, დიდი დასენიანების მქონე ქვეყნებში - ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ირანი, იტალიის ჩრდილოეთი ნაწილი და ა.შ. და ჩამოსვლიდან ორი კვირის განმავლობაში გვექნება სიმპტომები: ხველა, სუნთქვის გაძნელება, ქოშინი და ტემპერატურა, დაუყოვნებლივ მივმართოთ ექიმს, ოჯახის ექიმს, სამედიცინო დაწესებულებას ან პირდაპირ ინფექციურ საავადმყოფოს, სადაც ჩატარდება კვლევები და იქნება გადაწყვეტილება მართვასთან დაკავშირებით.
  • ამ პერიოდში, როგორც გრიპის დროს მოგიწოდებთ ხოლმე, თუ აუცილებლობა არ არის, ვერიდოთ დიდი თავშეყრის ადგილებს. თუ თვითონ ვართ ინფიცირებული რესპირაციული ინფექციით, აუცილებლად ვატაროთ ნიღაბი.
  • ჩვენ, ქართველებს, გვახასიათებს, რომ ვხვდებით ერთმანეთს, ვკოცნით. იქნებ, თავი შევიკავოთ. ეს მხოლოდ კორონავირუსს არ ეხება, ზოგადად, ჩამოვაყალიბოთ ჩვენთვის ეს კულტურა, რომ არ არის საჭირო, მით უფრო ამ დროს, როცა ბობოქრობს რესპირაციული ინფექციები. ხელის ჩამორთმევაც არ არის რეკომენდებული.

ამირან გამყრელიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოში პანიკის საფუძველი არ არის.

"ნუ მივეცემით პანიკას, ნამდვილად არ გვაქვს საპანიკოდ საქმე. დიახ, დადასტურდა ერთი რესპირაციული ინფექცია უკვე სხვა ვირუსით გამოწვეული. არა გრიპის ვირუსით, არა სხვა კორონავირუსით, არა ადენოვირუსით, არა რინოვირუსოთ, არამედ ახალი კორონავირუსით, რომელიც დაახლოებით ისე მიმდინარეობს, როგორც ჩვეულებრივი გრიპოზული ინფექცია. ერთადერთი განსხვავება ჩვეულებრივ სეზონურ გრიპთან არის ის, რომ სამწუხაროდ, მას ახასიათებს პროცენტულად ცოტა მეტი გართულების ალბათობა და ლეტალობის ალბათობა, ოღონდ არა ისეთი, როგორც სხვა კორონავირუსებს, იქნება ეს მერსი, ცარსი თუ ქათმის გრიპი ან ებოლა", - ამბობს გამყრელიძე.

გარდა ამისა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს პროფილაქტიკისთვის ძირითადი ღონისძიებების ჩამონათვალს:

  • ხშირად დაიბანეთ ხელები - ხელები ხშირად დაიბანეთ საპნითა და წყლით ან სპირტის შემცველი ხსნარით.
  • სასუნთქი სისტემის ჰიგიენა - ხველისა და ცემინებისას აიფარეთ პირსა და ცხვირზე ერთჯერადი ცხვირსახოცი ან მოხრილი იდაყვი. ცხვირსახოცი გამოყენებისთანავე დახურულ ურნაში გადააგდეთ და დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით ან სპირტის შემცველი ხსნარით.
  • შეინარჩუნეთ უსაფრთხო დისტანცია - შეინარჩუნეთ არანაკლებ 1 მეტრი მანძილი თქვენსა და სხვა ადამიანებს შორის, განსაკუთრებით კი იმ ადამიანებთან, რომლებიც ახველებენ, აცემინებენ ან/და მაღალი სიცხე აქვთ.
  • არ შეეხოთ დაბინძურებული ხელებით თვალებს, ცხვირსა და პირს.
  • თუ გაქვთ სიცხე, ხველა და სუნთქვის გაძნელება, დროულად მიმართეთ ექიმს - აუცილებლად მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას თუ იმოგზაურეთ იმ ქვეყანაში, სადაც გავრცელებულია ახალი კორონავირუსი COVID-19, ან კონტაქტში იმყოფებოდით იმ პირთან, რომელმაც უახლოს ხანში იმოგზაურა ჩინეთში და რესპირაციული ინფექციებისათვის დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდა.
  • თუ გაქვთ მსუბუქი რესპირაციული სიმპტომები და არ გაქვთ მოგზაურობის ისტორია ჩინეთში - ზედმიწევით დაიცავით ხველის ეტიკეტი და ხელის ჰიგიენა, დარჩით სახლში სრულ გამოჯანმრთელებამდე.
  • დაიცავით ზოგადი ჰიგიენური წესები თუ მოგიწიათ ვიზიტი ცხოველების და/ან ზღვის პროდუქტების ბაზარში.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, კორონავირუსით დაავადებული მოქალაქე საბაჟოდან პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს და სხვა მოქალაქეებთან მას შეხება არ ჰქონია. 

ამ დროითვის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოში 80 ათასს აღემატება, გარდაიცვალა 2,700-ზე მეტი ადამიანი. დაავადებულთა აბსოლუტური უმრავლესობა ჩინეთის მოქალაქეა. ჩინეთის გარეთ, კორონავირუსის შემთხვევები კიდევ 33 ქვეყანაში დადასტურდა. საუბარია სულ 2500 შემთხვევაზე, საიდანაც 34 ლეტალურად დასრულდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბოკერია სემეკის კანონპროექტზე: რატომ გეჩქარებათ? ამ კანონის გარეშე დაინგრა ქვეყანა?

კომენტარები