მოლაპარაკებები

თალაკვაძე: ყველა მხრიდან არის ნაბიჯები გადადგმული, რომ მთავარ პრინციპებზე შეთანხმება მოხდეს

საქართველოს პარლამენტი

"არის ნაბიჯები გადადგმული იმისკენ, ყველა მხრიდან, რომ მთავარ პრინციპებზე შეთანხმება მოხდეს," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ევროკავშირის მიერ ორგანიზებული შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ისაუბრა, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

"დეტალებზე მე დღეს არ ვისაუბრებ, არის გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხები, რაც ჩვენ განვიხილეთ, რაც ამ რიცხვებს მეორეხარისხოვანს ხდის," - თქვა თალაკვაძემ შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ. 

დღესვე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან დაადასტურა, რომ ხელისუფლება მზად არის დათანხმდეს პრინციპს, რომლის მიხედვითაც პარტია ვერ მიიღებს უმრავლესობას, თუ არჩევნებში 40%-ზე ნაკლებს აიღებს. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ის პროპორცია, რასაც ხელისუფლება სთავაზობს, ვერ გადაჭრის 40%-თან დაკავშირებულ საკითხს. ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას, თქმით, ქართული ოცნების ლიდერები ამბობენ, რომ იმავე პრინციპს 100/50-ზე გადანაწილებაც აკმაყოფილებს, რაც მისივე შეფასებით, "უბრალოდ სისულელეა". 

რას გულისხმობს 40%-ის პრინციპი? 

ოპოზიცია ამ პრინციპს შემდეგნაირად განმარტავს - იმისათვის, რომ პოლიტიკურმა ძალამ შეძლოს პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება (76 დეპუტატი), მან უნდა შეძლოს პროპორციულ არჩევნებში 40%-ზე არსებითად მეტის მოპოვება, პლუს თითქმის ყველა მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვება. 

ანუ, არ უნდა იყოს მანდატების ისეთი გადანაწილება, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკური ძალა, რომელიც პროპორციულ ნაწილში 40%-ზე ნაკლებს აიღებს, მაჟორიტარების ხარჯზე შეძლებს უმრავლესობის მოპოვებას. 

ამ დრომდე ხელისუფლების შეთავაზება ოპოზიციის მიმართა 100/50 პრინციპი იყო, ოპოზიცია ამ შეთავაზებას არ თანხმდება და ამბობს, რომ დაცული უნდა იყოს 40%-ის პრინციპი. 

დიპლომატიური კორპუსის მიერ ორგანიზებული შეხვედრები მას შემდეგ ჩაიშალა, რაც ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა დააკავეს. მანამდე ოპოზიცია ლეიბორისტების პარტიაში მიმდინარე მოლაპარაკებებზე მსჯელობდა, რომ ხელისუფლებისათვის 130/20-ზე განაწილების პრინციპი შეეთავაზებინათ, რაც მათივე თქმით, უზრუნველყოფს 40%-თან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრას. 

კომენტარები