მოლაპარაკებები

ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა საჯარო მოხელეთა ამნისტიაზე შეთანხმებას ვერ აღწევენ

დღეს, 20 თებერვალს, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა და უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ ცალ-ცალკე გამართულ ბრიფინგებზე საკონსტიტუციო ცვლილებებსა და ბოლო კვირების განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებებზე ისაუბრეს. მათი თქმით,  საკონსტიტუციო ცვლილებების ყველა საკითხზე შეთანხმება მიღწეულია, უთანხმოებად მხოლოდ საჯარო მოხელეთა შესაძლო ამნისტირების პირობები რჩება.  

„რამდენიმე დღის ინტენსიური მუშაობის შედეგად მიღწეულია შეთანხმება კონსტიტუციური თემატიკის ყველა საკითხზე, მაგრამ ამ შეთანხმების რეალიზება შეუძლებელი გახდა ნაციონალური მოძრაობის მიერ ბოლო მომენტში წამოჭრილ სხვა საკითხზე - საჯარო მოხელეთა ამნისტიის თაობაზე შეთანხმების ვერმიღწევის გამო“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

უსუფაშვილმა საჯარო გახადა ის წინადადებები, რომლებიც მხარეებმა მოლაპარაკებების პროცესში ერთმანეთს წარუდგინეს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით,  ქართულმა ოცნებამ ნაციონალურ მოძრაობას დეკემბრის ბოლოს შესთავაზა ერთადერთი წინადადება, რომ კონსტიტუციიდან ამოეღოთ ის პუნქტი, რომელიც პრეზიდენტს ახალი მთავრობის ფორმირების შესაძლებლობას ერთპიროვნულად აძლევს, პარლამენტის თანხმობის გარეშე. ამის შემდეგ კი, ნაციონალურმა მოძრაობამ ახალი შემხვედრი საკითხები წამოაყენა, მათ შორის, 2010 წელს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების ნაწილის ვადაზე ადრე ამოქმედების წინადადება იმ დებულების ჩათვლით, რომელიც კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად საჭირო კვორუმის ორი მესამედიდან (100 ხმა) სამ მეოთხედამდე (113 ხმა) აწევას ითვალისწინებს; საქართველოს პროდასავლური კურსის კონსტიტუციაში ასახვა და პარლამენტის ქუთაისში დატოვება. 

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ უმრავლესობის და უმცირესობის მოლაპარაკებების შედეგებზე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების შემდეგ ისაუბრა.  უმცირესობის ლიდერმა აღნიშნა, რომ 15 ათასი ადამიანია დაკითხული მხოლოდ იმიტომ, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან არიან დაკავშირებული.  

„6 ათასი ადამიანი დაკითხეს  თბილისის მერიაში. მე არ ვსაუბრობ გახმაურებულ საქმეებზე - მკვლელობა, წამება და ასე შემდეგ, მაგრამ 15 ათასი ადამიანი დაკითხულია მხოლოდ იმიტომ, რომ ნაცმოძრაობასთან არიან დაკავშირებული“, - განაცხადა ბაქრაძემ. უმცირესობის  ლიდერი აცხადებს, რომ პოლიტიკური ლიდერების შესახებ ამნისტიის მიღებას არავინ ითხოვს, მაგრამ უმრავლესობის მიერ შეთავაზებული მოდელი მათთვის მიუღებელია.

ბაქრაძის თქმით, მოლაპარაკებებისას შეუთანხმებლობის კიდევ ერთი საკითხი იმ ჩანაწერის ფორმულირება იყო, რომელიც ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას ეხება. 

„მე მოხარული ვარ, რომ დღეს საჯაროდ მოვისმინე, რომ პრემიერმინისტრი და უმრავლესობა ეთანხმება ჩვენს შეთავაზებულ ვარიანტს, ფორმულირებას და ამით მოიგებს არა ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა, არამედ ქვეყანა“, - აღნიშნა ბაქრაძემ. 

 

კომენტარები