კორონავირუსი

კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა, ინფექციურში ამ დროისთვის 28 ადამიანია

partner.sciencenorway.no

კორონავირუსის ახალი შემთხვევა საქართველოში არ გამოვლენილა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ინფექციურში ამ დროისთვის 28 ადამიანია, მათგან ახალი 17 პაციენტია. როგორც ეზუგბაია ამბობს, ახალი პაციენტებიდან 11-ს კვლევა უკვე ჩაუტარდა და პასუხები უარყოფითია. დღეს, დღის განმავლობაში ელოდებიან დანარჩენი 6 ადამიანის ანალიზების პასუხს. ინფექციურში რჩება კორონა ვირუსით დაინფიცირებული ერთი ადამიანიც.

"გუშინ ცენტრი დატოვა ექვსმა პაციენტმა, ისინი გადაყვანილები არიან საკარანტინო სივრცეში. სიტუაცია სტაციონარში სტაბილურია", - ამბობს ეზუგბაია.

ორკვირიან კარანტინს გაივლიან კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაციის წევრებიც, რომლებიც ირანიდან გუშინ, 27 თებერვალს დაბრუნდნენ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, კორონავირუსით დაავადებული მოქალაქე საბაჟოდან პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს და სხვა მოქალაქეებთან შეხება არ ჰქონია. 

ამ დროისთვის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოში 80 ათასს აღემატება, გარდაიცვალა 2,700-ზე მეტი ადამიანი. დაავადებულთა უმრავლესობა ჩინეთის მოქალაქეა. ჩინეთის გარეთ, კორონავირუსის შემთხვევები კიდევ 40-ზე მეტ ქვეყანაში დადასტურდა. საუბარია სულ 2500 შემთხვევაზე, საიდანაც 34 ლეტალურად დასრულდა. ჩინეთის გარეთ ყველაზე მეტი ინფიცირებული სამხრეთ კორეაში, იტალიაში, ირანსა და იაპონიაში. აქედან ყველაზე მეტი ადამიანი ირანში გარდაიცვალა.

კომენტარები