ელენე ხოშტარია

ელენე ხოშტარია ხვდება ადამიანებს, რომლებიც მას დეპუტატის მანდატის დატოვებას სთხოვენ [VIDEO]

ელენე ხოშტარია ხვდება იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ევროპული საქართველოს ოფისთან ყოველდღე აქციებს მართავენ და ითხოვენ, მან დეპუტატის მანდატი დატოვოს.

ქართული ოცნების აქტივისტები, რომლებიც თავს დამოუკიდებელ აქტივისტებს უწოდებენ, ამბობენ, რომ მათთვის მიუღებელია, ირაკლი შოთაძის მთავარ პროკურორად მეორედ დამტკიცების დღეს, 18 თებერვალს, ხოშტარიამ რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართო.

მათი თქმით, პარლამენტი სიმბოლური ადგილია, სადაც საქართველოს ერთიანობისთვის არაერთმა "მათმა თანატოლმა სიცოცხლეც კი დათმო" და ხოშტარიას და ნადირაშვილის პარლამენტში ყოფნა სწორედ ამ ადგილას "რუსულენოვანი და პრორუსული" ჰიმნის ჩართვის გამო არის მიუღებელი.

ხოშტარიამ მათთან შეხვედრაზე თქვა:

"მე ჩავთვალე, რომ როცა იქ საბჭოთა კავშირი ხდება, უნდა შევიდე ამ ფორმით. იმიტომ ვიბრძვი, რომ საბჭოთა კავშირი დავასრულო. ეს მარტო ბიძინა ივანიშვილის დამთავრდება კი არ არის. სიმბოლოებამდე თუ მივედით, ამ პარლამენტშიც არიან ადამიანები, რომლებიც ღიად ადიდებენ სტალინს. მე ის სიმბოლო, როგორც ჰიმნი, ისე არ გამომიყენებია. სხდომა, რომელიც მიმდინარეობდა, იყო საბჭოთა კავშირის სხდომა".

ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა პარლამენტში სსრკ-ის ჰიმნი არჩილ თალაკვაძის გამოსვლის დროს ჩართეს იმის ხაზგასასმელად, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ქვეყანას საბჭოთა მეთოდებით მართავს.

19 თებერვალს ქართული ოცნების აქტივისტები, იგივე ადამიანები, რომლებიც დღეს პარტიის ოფისთან იმყოფებიან, ევროპული საქართველოს დეპუტატს ელენე ხოშტარიას რესტორანში ვახშმობისას შეუცვივდნენ იმავე მოთხოვნით - დატოვოს პარლამენტის მანდატი.

ქართული ოცნების დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ, 19 თებერვალს ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა კავშირი პარტიასა და აქციის მონაწილეებს შორის და თქვა, რომ მან პარტიის ახალგაზრდული ფრთის ლიდერის, თბილისის საკრებულოს დეპუტატის, გიორგი ჩაკვეტაძისგან მიიღო შეტყობინება, რომ ის "ვერ აკავებდა ამ გოგო-ბიჭებს".

კომენტარები