იდლიბის პროვინცია

ტრამპი: იდლიბის პროვინციაში რუსეთმა, სირიის და ირანის რეჟიმებმა შეტევა უნდა შეწყვიტონ

0 კომენტარი
ერდოღანი და ტრამპი ფოტო: Middle east eye

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ჩრდილოეთ-დასავლეთ სირიის, იდლიბის პროვინციაზე სატელეფონო საუბარი გამართა.

საუბრისას ტრამპმა ჩრდილოეთ-დასავლეთ სირიაში ძალადობის დე-ესკალაციას მხარი დაუჭირა და სირიის რეჟიმს, რუსეთსა და ირანს თავდასხმების შეჩერებისკენ მოუწოდა.

"ტრამპმა კიდევ ერთხელ მხარი დაუჭირა ჩრდილოეთ-დასავლეთ სირიაში სიტუაციის დეესკალაციისკენ და ჰუმანიტარული კატასტროფის არიდებისკენ თურქეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. ორი ლიდერი თანხმდება, რომ სირიის რეჟიმმა, რუსეთმა და ირანის რეჟიმმა თავდასხმა უნდა შეწყვიტონ, მანამ, სანამ მეტი უდანაშაულო მოქალაქე დაიღუპება და იძულებით გადაადგილდება," - განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა ჯუდ დირმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ასადის რეჟიმისა და რუსეთის სისასტიკის შესაჩერებლად და ჰუმანიტარული კრიზისის შესაჩერებლად თურქი მოკავშირეებისთვის დახმარებას განიხილავდა.

სატელეფონო საუბარი მათ შორის მას შემდეგ შედგა, რაც სირიის იდლიბის პროვინციაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ასადის რეჟიმის ძალების თავდასხმას 33 თურქი სამხედრო ემსხვერპლა და კიდევ 32 დაიჭრა.

თავდასხმის შემდეგ სატელეფონო საუბარი ერდოღანსა და პუტინს შორისაც შედგა. ლავროვის თქმით მხარეები მზად არიან იდლიბის პროვინციაში კოორდინაცია გააგრძელონ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ რუსეთს ამ დროს საჰაერო დარტყმები არ განუხორციელებია, სირიის სამთავრობო ძალები ამბოხებულების მიმართულებით ისროდნენ და თურქეთს იმ ტერიტორიაზე საკუთარი ჯარისკაცების ყოფნის შესახებ მათთვის არ შეუტყობინებია. სამინისტროში ასევე ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც ინციდენტის შესახებ გაიგეს თურქეთის დასახმარებლად ყველაფერი გააკეთეს, მათ შორის სირიის ძალებს მოუწოდეს თავდასხმის შეჩერებისაკენ, რათა თურქეთს დაჭილთა ევაკუაცია მოეხდინა.

თურქეთმა თავდასხმას ასადის ძალების პოზიციებზე დარტყმებით უპასუხა. თურქეთს მხარდაჭერა გამოუცხადა აშშ-მა. ბრიუსელში თურქეთის თხოვნის სირიის საკითხზე კონსულტაციისათვის NATO-ს ელჩები შეიკრიბნენ.

პარალელურად რუსეთი სირიის სანაპიროსთან ორ სამხედრო ხომალდს აგზავნის

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები