კორონავირუსი

საქარველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა

partner.sciencenorway.no

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

კორონავირუსით ინფიცირებული მესამე ადამიანი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანში იმყოფებოდა.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მას ჰქონდა კონტაქტი იმ ადამიანთან, რომელიც საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პირია და რომელიც, ასევე, ირანიდან ჩამოვიდა. ახალი შემთხვევაც სახმელეთო საზღვარზე დაფიქსირდა და როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამბობს, სიმპტომების გამო, ის საზღვრიდანვე გადაიყვანეს ინფექციურ საავადმყოფოში.

გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული სამივე ადამიანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ისინი აგრძელებენ მკურნალობას და არიან დაკვირვების ქვეშ.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსის გააქტიურებიდან ორი თვის ვადაში საქართველოში 93 შესაძლო შემთხვევა იყო, რომლებიც შეისწავლეს და ლაბორატორიული კვლევების შედეგად, ამ ეტაპზე, მესამე ადამიანი აღმოჩნდა ინფიცირებული.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 31 ადამიანია. ნაწილი უკვე გამოკვლეულია, ნაწილს კი პერიოდულად უღებენ სინჯებს და სავარაუდოდ, დღეს, დღის ბოლომდე იქნება პასუხები. სავარაუდოდ, დღესვე იქნება პასუხები ქუთაისისა და საჩხერის საავადმყოფოებიდან გადმოგზავნილ 11 ნიმუშზეც.

რაც შეეხება საიზოლაციო სივრცეებს, ქვეყანაში ამ დროისთვის ასეთი ოთხია. ამირან გამყრელიძემ ისაუბრა თითოეულ მათგანში ადამიანების რაოდენობაზე და ხაზი გაუსვა, რომ ისინი ჯანმრთელები არიან და იზოლაციაში არიან მხოლოდ იმიტომ, რომ ბოლო პერიოდში იმოგზაურეს იმ ქვეყნებში, სადაც ინფიცირების მაღალი მაჩვენებელია.

  • საჩხერეში დაკვირვების ქვეშ 31 ადამიანი დარჩა, სამი თვითიზოლაციაში გადაიყვანეს
  • აბასთუმანში - 21, 
  • ტუბერკულოზის ცენტრის ბავშვთა განყოფილება (აქ არ არიან ბავშვები, განყოფილება დაეთმო უფროსებს) - 15 ადამიანი
  • ვივა მედის სამედიცინო ცენტრის სასტუმრო განყოფილება - 28 ადამიანი

დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ისაუბრა იმაზეც, რომ ჩინეთში ახალი შემთხვევების კლებაა, ასევე, შემცირებულია სიკვდილიანობა, თუმცა კორონავირუსი ვრცელდება ჩინეთს გარეთ.

ჯანდაცვის მსოფლიოო ორგანიზაციაზე დაყრდნობით, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ამ დროისთვის კორონავირუსი 51 ქვეყანაშია დაფიქსირებული და არის ზრდის დინამიკა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ კორეაში, იტალიასა და ირანში. ამასთან, ირანში სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელია.

ჯამში, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 85227 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის, 2924 ადამიანი გარდაიცვალა, 40 ათასამდე კი გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ ჩინეთშია - 79200, ხოლო 6 ათასამდე შემთხვევაა ჩინეთს გარეთ. იტალიაში უკვე 889 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 21 ადამიანი გარდაიცვალა, 46 კი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები