დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის დირექტორი ბოდიშს უხდის იმ ადამიანებს, რომელებიც კარანტინში არიან და მოუმზადებელი პირობები დახვდათ.
ამირან გამყრელიძის თქმით, აქვს გარკვეული ინფორმაცია იმის შესახებ, რაც ვრცელდება დღის განმავლობაში.
"მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვმუშაობთ ექსტრემალურ პირობებში. [...] მინდა ბოდიში მოვიხადო იმ ადამიანებს, თუ ვინმეს დახვდა გარკვეულად მოუმზადებელი პირობები. ვიცი, რომ ჯანდაცვის სამინისტრო დილიდან ინტენსიურად არის ჩართული ამ საკითხში და ყველაფერი წესრიგდება", - თქვა გამყრელიძემ.
რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, გამყრელიძე ამბობს, რომ იქ შესაძლოა, იყოს გარკვეული ინფრასტრუქტურული პრობლემები, მაგრამ ეს არის ეპიდემიებთან ბრძოლის ყველაზე ძლიერი დასაყრდენი, ხერხემალი და ქვეყნის სტრატეგიული ობიექტი, ამიტომ იქ მომუშავე ადამიანებს მუშაობის საშუალება უნდა მიეცეთ.
"იქ არიან ყველაზე გამოცდილი ადამიანები და გამოცდილი სამედიცინო პერსონალი ნებისმიერ ინფექციასთან ბრძოლის. ვადასტურებ ჩემს სოლიდარობას კოლეგების მიმართ. არ არის მარტივი სიტუაცია, რაც დღეს მსოფლიოში ხდება. ინფექცია ვერ აუვლის გვერდს საქართველოს, ისევე, როგორც ვერ აუარა ყველაზე უფრო ძლიერი ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყნებს. ამიტომ, ყველას გთხოვთ, დავმშვიდდეთ, ექიმებს მივცეთ საშუალება იმუშაონ თავის ადგილზე. ცენტრალური ინფექციური საავადმყოფო არის ქვეყნის სტრატეგიული ობიექტი, მათ უნდა მივცეთ უფლება იმუშაონ, მოარჩინონ ის ადამიანები, ჩაუტარონ შესაბამისი დიაგნოსტიკა და მკურნალობა და არ გადავიდეს მკურნალობა იმაზე, მაპატიეთ და, თუ რომელიმე ჩამკეტმა ან გამშვებმა შიგნით არ იმუშავა", - ამბობს გამყრელიძე.
მას ასევე ჰკითხეს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ბოიკოტზე, როცა მან არ ისურვა მთავარ არხთან საუბარი, არც სხვა ჟურნალისტებს გასცა კითხვებზე პასუხი და ტერიტორია დატოვა. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ბრალდებებს ვერ მიიღებს.
"ინფექციურ საავადმყოფოზე ბრალდებებს ვერ მივიღებ მე, იმიტომ, რომ თითოეულ თქვენგანმა იგივე მე, რომ რამე დამჭირდეს ამ მხრივ, უნდა მივიდე ამ ადამიანებთან. ბრალდება, რომ ისინი რაღაცას ისე ვერ აკეთებენ, ასე ვერ აკეთებენ, გასაგებია, მაგრამ საშინელ დაძაბულ რეჟიმში მუშაობენ, 24-საათიან დაძაბულ რეჟიმში მუშაობს დღეს რამდენიმე დაწესებულება, რამდენიმე უწყება", - აღნიშნა მან.
უკვე მეორე დღეა ვრცელდება ინფორმაცია კარანტინში მყოფი მოქალაქეების მდგომარეობაზე. ერთ-ერთი ფეისბუქ მომხმარებელი წერს, რომ კლინიკა ლანცეტის შენობაში, სადაც მისი და გადაიყვანეს, ოთახებში სიცივეა და სათანადო ყურადღებას არ აქცევენ.
"ადამიანს სულ არაფერი რომ არ სჭირდეს იქ აიკიდებს ყველაფერს, წუხელ ორის ნახევარზე მიაწოდეს საკვები, გაუზომეს სიცხე და მაგის მერე ამ დრომდე კაციშვილი არ შესულა პაციენტთან და არც მოუკითხიათ, როდესაც იმ ბანკის თანამშრომელთან უშუალო კონტაქტი ქონდა მთელი სამუშაო დღის განმავლობაში, როცა ჯანდაცვას დაუკავშირდა დღეს დილით და აუხსნა სიტუაცია, გადაამისამართეს სადაც იმყოფება მაგათ ადმინისტრაციასთან და ადმინისტრაციის პასუხი იყო მოვლენო, მოვლენ და ამ წუთებშიც ველოდებით", - წერს ნიკა კვიტატიანი.
ის ასევე აქვეყნებს საკვების ფოტოებს, რომელსაც, მისი ინფორმაციით, აწვდიან კარანტინში მყოფ მოქალაქეებს.
გარდა ამისა, ევროპული საქართველო ავრცელებს ერთ-ერთი მოქალაქის ხმის ჩანაწერს, რომელიც ასევე სიცივეზე და უყურადღებობაზე საუბრობს.
"გავიყინეთ ყველანი, ისე ციოდა, 5-5 პლედი გვეფარა, სრულიად გადაყინული ვარ, დერეფნებში ისე ცივა, გასვლასაც ვერ ვახერხებთ. არავინ არ გამოჩენილა საერთოდ, ღამით კიდევ ვიღაცები მოიყვანეს მგონი. ვერავის ვერ ველაპარაკებით, ვაპირებ პოლიციას ველაპარაკო, ისე უსუსურად ვარ", - ამბობს მოქალაქე ჩანაწერში.
ამ დროისთვის კორონავირუსის ინფექცია დადასტურებული საქართველოში სამ ადამიანს აქვს - ორი ადამიანი ირანში იმყოფებოდა და ცნობილია, რომ ერთმანეთთან კონტაქტი ჰქონდათ, ხოლო მესამე - 31 წლის ქალი, რომელიც იტალიაში ჯგუფთან ერთად მოგზაურობდა.
ინფექციურ საავადმყოფოში 31 ადამიანი რჩება, მათი ნაწილის გამოკვლევა ჯერ არ დასრულებულა. ამასთან, დაახლოებით ასამდე ადამიანი არის იზოლაციაში საჩხერეში, აბასთუმანსა და თბილისში არსებულ საიზოლაციო სივრცეებში.





