კორონავირუსი

კორონავირუსი - საპატრიარქო არ აპირებს, ზიარების წესი შეცვალოს

საქართველოს საპატრიარქო კორონავირუსთან დაკავშირებით განხადებას ავრცელებს. განცხადებიდან ირკვევა, რომ საპატრიარქო ზიარების წესის შეცვლას არ აპირებს. 

საპატრიარქო ასევე უარყოფს ინფორმაციას, რომ რუმინეთში ერთჯერადი კოვზებით ზიარება დაუშვეს. 

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში წერია, რომ კოვზით ზიარების ათასწლოვანი პრაქტიკის განმავლობაში სიცოცხლისთვის საშიში ინფექცია არაერთხელ გავრცელებულა, თუმცა "ასეთ პერიოდებში მართლმადიდებელი მორწმუნენი არათუ უშინდებოდნენ საერთო ბარძიმიდან საერთო კოვზით ზიარებას, პირიქით, კიდევ უფრო ხშირად მიეახლებოდნენ ამ სიწმინდეს."

"რადგან, როგორც ყველამ ვიცით, წმინდა ზიარებისას ადამიანი იღებს ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს, – განმწმენდელსა და მაკურნებელს სულისა და ხორცისა. ამასთან, საერთო თაყვანისცემისთვის სამღვდელოება გამოაბრძანებდა ხოლმე საეკლესიო სიწმინდეებს: სახარებას, ჯვრებს, ხატებს, წმინდა ნაწილებს და აწყობდნენ ლიტანიობებს",- ვკითხულობთ საპატრიარქოს განცხადებაში.

საპატრიარქოს ცნობით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სურვილია რომ კვირას, 1 მარტს, შენდობის ლოცვის შემდეგ, ყველა ეკლესიაში ტაძრის გარშემო ლიტანიობა, ნაკურთხი წყლის სხურება და ხალხის დალოცვა შედგეს. 

სამების ტაძარში შენდობის ლოცვის მსახურება 18:00 საათზე დაიწყება. საპატრიარქოს ცნობით, მისი დასრულების შემდეგ კმევით, სახარების, ჯვრებისა და ხატების შემოტარებით ლიტანიობა და ნაკურთხი წყლით ხალხის დალოცვა აღესრულება. 

ამ დროისთვის კორონავირუსის ინფექცია დადასტურებული საქართველოში სამ ადამიანს აქვს - ორი ადამიანი ირანში იმყოფებოდა და ცნობილია, რომ ერთმანეთთან კონტაქტი ჰქონდათ, ხოლო მესამე - 31 წლის ქალი, რომელიც იტალიაში ჯგუფთან ერთად მოგზაურობდა.

კომენტარები