კორონავირუსი

"გვთხოვონ და მზად ვართ" - დონალდ ტრამპმა ირანს კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარება შესთავაზა

დონალდ ტრამპი
EPA

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანს კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარება შესთავაზა

"თუ ჩვენ შეგვიძლია ირანელებს ამ პრობლემის მოგვარებაში დავეხმაროთ, ჩვენ ნამდვილად მზად ვართ ამის გასაკეთებლად... ერთადერთი, რაც მათ უნდა გააკეთონ, თხოვნაა. ჩვენ იქ ბრწყინვალე პროფესიონალები გვეყოლება," - განაცხადა ტრამპმა 29 თებერვალს ვაშინგტონში საუბრისას.

ირანში კორონავირუსით დაავადებულების სიკვდილის მაჩვენებელი დაახლოებით 10% არის, მაშინ როდესაც სხვა ადგილებში ეს რიცხვი დაახლოებით 3% არის. ირანში კორონავირუსით, ჩინეთის საზღვრებს გარეთ ყველაზე მეტი, 43 ადამიანი დაიღუპა.

აშშ-ის 1980 წლის შემდეგ ირანთან დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს, თუმცა კრიზისის დროს ქვეყანამ თეირანს დახმარება შესთავაზა. 

რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომეომაც განაცხადა, რომ აშშ-მა ირანს კორონავირუსთან რეაგირების საკითხში დახმარება შესთავაზა.

ორი დღის წინ კი ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აბას მოუსავიმ თქვა, რომ ირანისთვის ამერიკის შეერთებული შტატების შემოთავაზება, რომ ქვეყანას კორონავირუსთან გამკლავებაში დაეხმაროს, აბსურდულია.

როგორც მოუსავი აცხადებს, კორონავირუსთან გამკლავებაში დასახმარებლად შემოთავაზება "ქვეყნიდან, რომელმაც თავის ეკონომიკურ ტერორიზმთან ერთად ირანელ ხალხს დიდი ზეწოლა შეუქმნა და წამლებისა და სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად გზაც ჩაუკეტა, აბსურდულია და პოლიტიკურ-ფსიქოლოგიური თამაშია".

ირანს სანქციები ხელახლა მას შემდეგ დაუწესა, რაც დონალდ ტრამპმა ქვეყანა 2015 წლის ბირთვული შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა და აშშ შეთანხმებიდან გაიყვანა. აშშ-ის სანქციები ირანის წინააღმდეგ სულ უფრო ფართოვდება. 

ამავდროულად, ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ 29 თებერვალს კატარის მმართველთან ემირ შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თაისთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ კორონავირუსი გლობალური პრობლემა იყო და კორონავირუსის კრიზისის გადასალახად ყველა ქვეყანას ერთად უნდა ემუშავათ.

ამჟამინდელი ინფორმაციით, ირანში კორონავირუსით, ჩინეთის საზღვრებს გარეთ ყველაზე მეტი, 43 ადამიანი დაიღუპა. ქვეყანაში ვირუსით დაავადების 593 შემთხვევა დადასტურდა. ირანში კორონავირუსით დაავადებულების სიკვდილის მაჩვენებელი დაახლოებით 10% არის, მაშინ როდესაც სხვა ადგილებში ეს რიცხვი დაახლოებით 3% არის.

ირანში რამდენიმე მაღალი რანგის პირს, მათ შორის მინისტრის მოადგილეს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს და 5 დეპუტატს კორონავირუსი აღმოაჩნდათ. ირანის მედიის ინფორმაციით, 29 თებერვალს კორონავირუსით ერთი დეპუტატი გარდაიცვალა.

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

თეირანმა სკოლები, ამ დროისთვის, სამშაბათამდე დახურა, ხოლო უნივერსიტეტები, კონცერტები და სპორტული ღონისძიებები 1 კვირით შეაჩერა. ირანში აკრძალეს საავადმყოფოში ვიზიტები. ირანში პარლამენტიც დაიხურა. მთავრობის სპიკერი ონლაინ კონფერენციებს გამართავს.

ამჟამინდელი ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით დაავადების 3 შემთხვევაა დადასტურებული.

კომენტარები