იდლიბის პროვინცია

რუსეთი: მიგრანტთა კრიზისის გადასაჭრელად იდლიბში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას არ შევწყვეტთ

სერგეი ლავროვი
Daily Mail

3 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგი ლავროვმა განაცხადა, რომ ევროპის მიგრანტთა კრიზისის მოსაგვარებლად რუსეთი სირიის იდლიბის პროვინციაში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას არ შეწყვეტდა.

ეს განცხადება მან ჰელსინკში ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ კონფერენციაზე განაცხდა.

მისივე თქმით, ევროკავშირისთვის მიგრანტების პრობლემების სირთულე მას კარგად ესმის და ამ საკითხზე ევროკავშირთან მოლაპარაკებებს აგრძელებდა. ლავროვმა მიგრანტების კრიზისის მოგვარებაში წვლილის შეტანის მზაობა გამოთქვა, თუმცა, როგორც აღნიშნა, არა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შეჩერების ხარჯზე.

2 მარტს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ მას შემდეგ, რაც თურქეთმა საზღვრები გახსნა, ევროპაში 18,000 მიგრანტი გადავიდა და მომდევნო დღეებში მოსალოდნელია, რომ ეს რიცხვი 25,000-დან 30,000-მდე გაიზრდება.

მან თქვა, რომ ევროპის ლიდერები ურეკავენ და სთხოვენ მიგრანტების ნაკადი შეაჩეროს, მაგრამ საზღვრების დაკეტვა უკვე გვიანია და ევროკავშირის ქვეყნები თურქეთის მოწოდებების უგულებელყოფაში დაადანაშაულა.

თურქეთმა საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გასულ კვირას იდლიბის პროვინციაში ასადის რეჟიმის თავდასხმას 33 თურქი სამხედრო ემსხვერპლა. თურქეთმა თავდასხმას ასადის ძალების პოზიციებზე დარტყმებით უპასუხა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა ჩრდილოეთ-დასავლეთ სირიაში ძალადობის დე-ესკალაციას მხარი დაუჭირა და სირიის რეჟიმს, რუსეთსა და ირანს თავდასხმების შეჩერებისკენ მოუწოდა.

თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის შეხვედრა სავარაუდოდ მომდევნო კვირას გაიმართება.

რუსეთის მხარდაჭერით ასადის რეჟიმის ძალების მიერ იდლიბის პროვინციაზე დაწყებული შეტევის შემდეგ მილიონამდე ადამიანს საცხოვრებლის მიტოვება მოუწია. ერდოღანმა დასავლეთი გააფრთხილა, რომ თურქეთი მიგრანტთა ახალ ტალღას ვერ გაუმკლავდებოდა და მის შედეგებს ევროპაშიც იგრძნობდნენ.

გაეროს შეფასებით, 9 წლიანი ომის განმავლობაში ეს, შესაძლოა, ყველაზე ცუდი ჰუმანიტარული კრიზისი იყოს.

2016 წელს ევროკავშირმა და თურქეთმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ევროკავშირში არალეგალურ გადასულ მიგრანტებს თურქეთში აბრუნებდნენ. თავის მხრივ ევროკავშირი ქვეყანას მიგრანტებზე ზრუნვაში ფინანსურ დახმარებას დაჰპირდა. შედეგად თურქეთში ამჟამად 3.7 მილიონი მიგრანტი იმყოფება და ერდოღანი ამბობს, რომ ევროკავშირის მხრიდან დახმარება საკმარისი არ არის. გასულ წელს თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაცია მშვიდობის წყარო დაიწყო. ერდოღანი ირწმუნებოდა, რომ მიზანს უსაფრთხო ზონის შექმნა წარმოადგენდა, სადაც მიგრანტებს დააბრუნებდნენ. თურქეთმა უკვე დაიწყო მიგრანტების სირიაში დაბრუნების პროცესი, თუმცა ზოგ შემთხვევაში ეს მოტყუებით და ძალდატანებით ხდება.

კომენტარები