საარჩევნო სისტემა

კალაძე "პატარა პარტიებს": ჩვენი მოდელი თქვენი შესაძლებლობაა, მოხვდეთ პარლამენტში

კახა კალაძე

ქართული ოცნების გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის, თქმით, ქართული ოცნების მიერ შეთავაზებული ორივე მოდელის, მანდატების 100/50-ზე განაწილებისა და მანდატების 110/40-ზე განაწილების, განხორციელებაა შესაძლებელია. 

მისივე თქმით, "არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს" ის, თუ რამდენპროცენტიანი ბარიერი იქნება 2020 წლის არჩევნებზე. 

"ჩვენი მხრიდან შეთავაზება გაკეთებული იყო. გადადგმული იყო ნაბიჯი. თუ ისინი არ დათანხმდებიან, ჩვენ აუცილებლად გავუკეთებთ ინიცირებას,"- ამბობს კახა კალაძე. 

კალაძე მიიჩნევს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციაშიცაა განხეთქილება და "პატარა პარტიებს" უხსნის, რომ მათთვის ქართული ოცნების მიერ შეთავაზებული მოდელები რეალური შესაძლებლობაა, რომ მოხვდნენ პარლამენტში. 

"ჩვენ დღეს მოვისმინეთ ასევე საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების განცხადებები მზაობასთან დაკავშირებით, რომ ისინი ამ სისტემას მხარს დაუჭერენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეული შეთანხმება აუცილებლად მოხდება," - ამბობს კალაძე. 

იმ ოპოზიციური საპარლამენტო პარტიებისთვის, ევროპული საქართველოსა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის, რომლებიც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მიერ ორგანიზებულ მოლაპარაკებებში მონაწილეობენ ხელისუფლებასთან, ქართული ოცნების მიერ წარდგენილი ბოლო მოდელი მიუღებელია. 

ევროპული საქართველოსა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გარდა ერთადერთი ოპოზიციური პარტია პარლამენტში პატრიოტთა ალიანსია, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ქართული ოცნების კვოტით არ შესულა. პატრიოტთა ალიანსი კი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში არ მონაწილეობს. 

რაც შეეხებათ საპარლამენტო ფრაქციებს, მაგალითად, 6 წევრისგან შემდგარმა "დამოუკიდებელი დეპუტატების" ფრაქციამ განაცხადა, რომ ისინი 100/50-ზე განაწილების პრინციპს მხარს დაუჭერენ იმ შემთხვევაში, თუ 2024 წლის არჩევნები სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. 

მხარდაჭერის მზაობა გამოთქვა ფრაქციის "პატრიოტთა ალიანსი - სოციალ-დემოკრატები" დეპუტატმა, გია ჟორჟოლიანმაც. 

რა გადაწყვეტილებას მიიღებენ სხვა დამოუკიდებელი დეპუტატები, ამ ეტაპზე უცნობია. 

ხელისუფლების ბოლო ინიციატივის თანახმად, მათ შეიმუშავეს ისეთი მოდელი, რომელშიც გათვალისწინებულია ე.წ ჩამკეტი ელემენტი, რომელიც მათივე განმარტებით, ნებისმიერი პარტიისთვის, რომელსაც 40% ან ამაზე ნაკლები მხარდაჭერა ექნება, პრაქტიკულ და თეორიულ შანსს სპობს იმისათვის, რომ მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება შეძლოს. ქართულ ოცნებაში ასევე ამბობენ, რომ მაჟორიტარული ოლქების მინიმალური რაოდენობა, რომელზეც შესაძლოა, დათანხმდნენ, 40 მაჟორიტარია. 

იმ ოპოზიციური პარტიებისთვის, რომლებიც დიპლომატიური კორპუსის ორგანიზებით გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობენ, ქართული ოცნების ეს მოდელი მიუღებელია, რადგან მათ არსებითად პროპორციული საარჩევნო სისტემა სურთ. 

ოპოზიციური პარტიები 40%-იან პრინციპზე საუბრობენ, რაც იმას გულისხმობს, რომ მთავრობის დამოუკიდებლად შესაქმნელად პოლიტიკურ ძალას უნდა სჭირდებოდეს როგორც საერთო ხმების 40%-ზე არსებითად მეტის მიღება, ისე თითქმის ყველა მაჟორიტარული ოლქის მოგება. ოპოზიციური პარტიების განცხადებით, ამ პრინციპთან მანდატების, დაახლოებით, 130/20-ზე განაწილებაა თანხვედრაში. შეთანხმების მისაღწევად ოპოზიციის მეორე მოთხოვნა პოლიტიკური დევნის შეწყვეტაა.

კომენტარები