საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დადასტურდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა, სამშობლოში კვირას დაბრუნდა, სიმპტომები კი მოგვიანებით განუვითარდა.
გამყრელიძის ინფორმაციით, მან ინფექციურ საავადმყოფოს გუშინ დილით, 4 მარტს, მაღალი ტემპერატურის გამო თავად მიმართა.
"მეოთხე შემთხვევა კლინიკურად შედარებით საყურადღებოა. მიმდინარეობს შესაბამისი კლინიკური კვლევები და მკურნალობა. გვაქვს 20 კონტაქტი მოძიებული, 15 თვითმფრინავის კონტაქტი. მიმდინარეობს მათი ეპიდკვლევა", - თქვა გამყრელიძემ.
რაც შეეხება სამ პირს, რომელთაც კორონავირუსი დაუდგინდათ, გამყრელიძის თქმით, მათი მდგომარეობა კლიიკურად დამაკმაყოფილებელია და დაავადების პროგრესირება არ აღინიშნება.
ორი ადამიანი, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ ირანში იმყოფებოდა და ცნობილია, რომ ერთმანეთთან კონტაქტი ჰქონდათ, ხოლო მესამე - 31 წლის ქალია, რომელიც იტალიაში ჯგუფთან ერთად მოგზაურობდა.





