კორონავირუსი

ცერცვაძე: ახალი პაციენტებიდან ოთხს ჩივილები არ აქვს, ერთს ტემპერატურა 37.3 და ყელის ტკივილი

მზია საგანელიძე / რადიო თავისუფლება

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი ახალი პაციენტიდან ოთხის მდგომარეობა კარგია, ხოლო ერთს - მსუბუქი ყელის ტკივილი და 37.3 ტემპერატურა აქვს. ხუთივე მათგანი იტალიაში იმ 44 წლის მამაკაცთან ერთად იმყოფებოდა, რომელსაც კორონავირუსი 4 მარტს დაუდგინდა. ისინი თბილისში კვირას, პირველ მარტს დაბრუნდნენ.

"ორი არის საშუალო ასაკის, ერთი მამაკაცი, ერთი ქალი. სამი ახალგაზრდა - ერთი ქალი, ორი ვაჟი. არც ერთი არ არის ხანდაზმული და არც ბავშვი. ხუთიდან ოთხის მდგომარეობა კარგია, დამაკმაყოფილებელია, მათ ტემპერატურა ან რამე ჩივილი ამ მომენტში არ აქვთ. ერთ მათგანს აღენიშნება მსუბუქი სიმპტომები - ტემპერატურის მომატება 37.3-მდე და ყელის ტკივილი" - თქვა ცერცვაძემ TV პირველის ეთერში და აღნიშნა, რომ მათ ჩამოფრენისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაავადების სიმპტომები არ ჰქონდათ. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, ამის გამო, ხუთივე მათგანი "ჩვეულებრივ წავიდა სახლში", ხოლო მას შემდეგ, რაც მათ თანამგზავრს კორონავირუსი დაუდგინდა, ისინი გამოიკვლიეს, როგორც კონტაქტები.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ცხრა შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან ერთი 50 წლის მამაკაცია, რომელიც ირანიდან ჩამოვიდა, კიდევ ერთი - მასთან კონტაქტში მყოფი პირი. მესამე პაციენტი 31 წლის ქალია, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა. მეოთხე შემთხვევა 4 მარტს დადასტურდა - ის 44 წლის მამაკაცია, რომელმაც ჩამოფრენიდან სამ დღეში მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს მაღალი სიცხით და ყელის ტკივილით. მისი მდგომარეობა, ექიმების შეფასებით, "საყურადღებო" და "საშუალო სიმძიმისაა". დანარჩენი ხუთი პაციენტი კი, სწორედ ამ უკანასკნელთან კონტაქტში მყოფი პირები არიან. ერთის გარდა, ყველა ინფიცირებულის მდგომარეობა "დამაკმაყოფილებელი და კარგია".

კომენტარები